არმაზ ახვლედიანი - პარლამენტის მუშაობაში ჩართვის გარეშე ვერაფრით ვერ მოხდება შეთანხმებული დოკუმენტის რეალიზება
შარლ მიშელის, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობა ერთგვარი გარანტიაა, რომ დოკუმენტის სულისკვეთება ჩვენი პასუხისმგებლობითა და ძალისხმევით რეალიზდება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო სიის წევრმა, არმაზ ახვლედიანმა პარლამენტში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ.
„მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებიდან ახლა ჩვენ უნდა გადავიდეთ ამ სულისკვეთების რეალიზებაზე. ამის გარეშე შეთანხმებას აზრი ეკარგება. წარმოუდგენელი პასუხისმგებლობაა ყველას წინაშე თანაბრად, მაგრამ უპირველესად ხელისუფლების მისამართით. ბატონი მიშელის, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობა ერთგვარი გარანტია იმის, რომ ეს სულისკვეთება ჩვენი პასუხისმგებლობით და ძალისხმევით რეალიზდება.
დღეს იმაზე შეუდარებლად ახლოს ვართ ამ სურვილების რეალიზაციასთან, ვიდრე ოდესმე ყოფილა ბოლო წლების განმავლობაში ქართული პოლიტიკური რეალობა“, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.
მისივე თქმით, ხედავს, რომ ხელისუფლება არ აპირებს, პასუხისმგებლობას გაექცეს.
„გარანტია უმთავრესად ჩვენი პასუხისმგებლობა და დასავლეთის თანამონაწილეობაა. ვხედავ, რომ ხელისუფლება არ აპირებს, ამ პასუხისმგებლობას გაექცეს. პოლიტიკური მძევლების საკითხი უნდა გადაწყდეს დაუყოვნებლივ. ამის მექანიზმი შეიძლება, იყოს სხვადასხვა. ეს უნდა მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად“, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.
ამასთან, როგორც ახვლედიანმა აღნიშნა, საპარლამენტო საქმიანობას „სულ მალე“ შეუდგება.
„საკანონმდებლო საქმიანობა ახლა იმდენად არის აქტუალური, რამდენადაც ამ სულისკვეთებას სჭირდება რეალიზება. სწორედ ეს განაპირობებს საკანონმდებლო საქმიანობის ტემპსა და ხარისხს. პარლამენტის მუშაობაში ჩართვის გარეშე ვერაფრით ვერ მოხდება ამ შეთანხმებული დოკუმენტის რეალიზება“, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.