არმაზ ახვლედიანი - შეიძლება, პრემიერის საქმეები მძულდეს, მეზიზღებოდეს კიდეც, მაგრამ ირაკლი ღარიბაშვილი არ მეზიზღება
მოდით, არ მივბაძოთ მათ, ვინც სიძულვილისკენ მიგვერეკება, გვეზიზღებოდეს ცუდი საქმეები, მაგრამ არა ერთმანეთი, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა არმაზ ახვლედიანმა განაცხადა.
არმაზ ახვლედიანის თქმით, მას შეიძლება, სძულდეს პრემიერ-მინისტრის საქმეები, მაგრამ ირაკლი ღარიბაშვილი არ ეზიზღება.
„მეტნაკლებად ნორმალური მდგომარეობა რომ იყოს საქართველოში, ყველაფერს, რაც აქ მოვისმინეთ ნატო-ზე, სხვათაშორის, ვეტერანების პენსიებზეც, სულ სხვა მნიშვნელობა, სულ სხვა დატვირთვა ექნებოდა. მეც მინდა, თქვენ გესუბროთ მაგალითად, არა უბრალოდ ბათუმის ტრაგედიაზე, არამედ იმაზე, რომ ეს ტრაგედია შეიძლება, განმეორდეს, ძალიან სწრაფად, კიდევ უფრო დიდი მასშტაბით, ბათუმშიც და სხვაგანაც. დასაწყისში კოლეგამ თქვა, რომ თქვენ, ანუ ოპოზიცია, არ მიიშვებითო ხელისუფლებაში. მე არ ვიცი, რატომ არის, ბატონებო, თქვენი გადასაწყვეტი, ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში და ვინ – არა, ან რატომ არის ისე, რომ ვინც უნდა გადაწყვიტოს ეს საკითხი, ანუ ქართველმა ხალხმა, ადრე სხვების და ახლა თქვენი მანქანებით ეს ვერ მოახერხა, ამ უფლებას, ამ შესაძლებლობას რეალურად მოკლებულია.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს მიულოცეს, ნეტა, მისალოცად იყოს საქმე. რა არის მისალოცი? ჩავარდნილი, ჩაფლავებული სამარცხვინო არჩევნები? და სულ ბოლოს, პრემიერ-მინისტრი როცა სვეტიცხოვლის ტაძარშია ამბიონზე, შეიძლება, ხათრით, პიარულად ორი სიტყვა თქვას შერიგებაზე, დატოვებული არა აქვს ტაძრის სივრცე, რომ ისევ ზიზღი, ისევ გაუტანლობა, თქვენ, ცხადია, ყველა არა, მაგრამ სამწუხაროდ, ამას იმეორებთ. ახლაც მოვისმინეთ, რა ხდება? მე შეიძლება, თქვენი პრემიერის საქმეები მძულდეს, მეზიზღებოდეს კიდეც, მაგრამ ირაკლი ღარიბაშვილი არ მეზიზღება. იქნებ, მოვახერხოთ როგორმე, რომ ერთმანეთი არ გვეზიზღებოდეს. ისევ იმ ამბიონიდან, ახლა უკვე სასულიერო პირი რომ გვეუბნება, თურმე მიტევება შეუძლებელიაო, ახლა არ არის ის სივრცე, რომ მოვიხმო ან პავლე მოციქული ან სახარების მთავარი წყარო, მაგრამ უნდა გითხრათ, მსგავსი არც არაფერი გამიგია. თუ ეს ხელს უწყობს საქართველოში დიდ შერიგებას, შერიგებას, რომელიც ზიზღზე არ უნდა იყოს და ვერ იქნება დამყარებული, მაშინ, ამიხსნან, მე ვერ ვხსნი. მოდით, არ მივბაძოთ, ვინც მაპატიეთ, მიგვერეკება ამ სიძულვილისკენ, გვეზიზღებოდეს ცუდი საქმეები, მაგრამ არა ერთმანეთი“, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.