არმაზ ახვლედიანი - კრიზისიდან გამოსვლის გზაა ნდობით აღჭურვილი მთავრობის შექმნა იმ დროით, რაც შესაძლებელს გახდის სამართლიანი არჩევნების ჩატარებას და ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებას
ხელისუფლების მიმართ ნდობა როცა დაკარგულია, კრიზისიდან გამოსვლის გზა არის ნდობით აღჭურვილი მთავრობის შექმნა იმ დროით, რაც შესაძლებელს გახდის სამართლიანი არჩევნების ჩატარებას და ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებას, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა, არმაზ ახვლედიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ დაპირებებს, ტყუილებსა და რეალობას შორის უზარმაზარი უფსკრულია.
„დღეს დეპუტატთა ჯგუფი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას შევხვდით და მინდა, გულწრფელად გითხრათ, რომ დასავლელ პოლიტიკოსებს „ქართული ოცნების“ ტყუილებისა და ცრუ დაპირებების სულ უფრო ნაკლებად სჯერათ. როცა „ქართული ოცნება“ დეპოლარიზაციის აუცილებლობაზე საუბრობს, ჩვენ, ოპოზიციის წარმომადგენლები მათ ვპასუხობთ – დეპოლარიზაციის ერთადერთი გზა დეოლიგარქიზაციაა, როდესაც საქართველოს მთავრობის ბატონ-პატრონი ოლიგარქი არ იქნება. დეპოლარიზაციის გზა არის ნორმალური და სამართლიანი სასამართლო, რომელსაც საქართველო ვერ ეღირსა. „ქართული ოცნების“ დაპირებებს, უტიფარ ტყუილებსა და რეალობას შორის უზარმაზარი უფსკრულია. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები უტიფრად საუბრობენ, რომ საქართველოში მედიაგარემო არის თავისუფალი. ჩავიხედოთ საკუთარ გულში და ვთქვათ, რის გამოა დაპატიმრებული კრიტიკული არხის დამფუძნებელი ნიკა გვარიმია? ჩვენ, პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსები და ქართველი ხალხი, ვისაც არ ეშინია და მოგვბეზრდა, ოლიგარქს საქართველოს მოხრჩობას არ შევარჩენთ, ეს ემოცია არ არის. იმ პირობებში, როცა ხელისუფლების მიმართ ნდობა დაკარგულია, ღრმა კრიზისიდან გამოსვლის გზა არის ნდობით აღჭურვილი მთავრობის შექმნა იმ დროით, რაც შესაძლებელს გახდის საქართველოში ნორმალური, წესიერი, სამართლიანი არჩევნების ჩატარებას და ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებას. სხვა შემთხვევაში, 2020 წელს და 2022 წელს გამოსული ასობით ათასი ადამიანი გაორმაგდება და „ქართული ოცნებისთვის“ ძალიან გვიან იქნება. ამიტომაც, აქვთ დარჩენილი საათები, არა დღეები, არამედ საათები, რათა გონს მოვიდნენ და გააცნობიერონ, რომ სრულად დაკარგული ნდობა შეიძლება, ერთადერთი გზით აღდგეს – თუ „ქართული ოცნება“ და გადაწყვეტილების ერთადერთი მიმღები ბიძინა ივანიშვილი გააცნობიერებენ, რომ ცეცხლს ეთამაშებიან და გადადგამენ ყველა საჭირო ნაბიჯის იქეთკენ, რომ უპირველესად, ნდობის აღგენა მოხდეს“, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.