არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის ადვოკატი - ექსპერტიზის დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველი არ იყო
ექსპერტიზის დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველი არ იყო, – ამის შესახებ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის ადვოკატმა იოსებ ხატიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა ექსპერტიზების დაუშვებლად ცნობაზე.
„ექსპერტიზა პროფესიონალების მიერ ჩატარდა კანონის სრული დაცვით და შეფასების სტადიაზე უკვე სასამართლოს გადასაწყვეტი იქნება, ექსპერტიზაში ასახული ინფორმაცია მიიღოს თუ არ მიიღოს.
სასამართლომ არსებით სხდომას გადასცა „ემპათიას“ მიერ მოპოვებული და შედგენილი დასკვნა. ამ დოკუმენტებში არის ინფორმაცია, რომელიც ბრალდებას სჭირდება და აუცილებლად სჭირდება სასამართლოსაც. ექსპერტიზის დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველი არ იყო“, – განაცხადა იოსებ ხატიაშვილმა.
არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის ადვოკატის თქმით, ორივე ბრალდებული წითელი ცირკულარით იძებნება.
„ეს ნიშნავს, რომ 180 -ზე მეტ ქვეყანაში, სადაც ინტერპოლის უფლებამოსილება ვრცელდება, გადასვლის შემთხვევაში, ეს სახელმწიფოები ვალდებული არიან, გურწიევი და ტაბოევი დააკაონ და გადმოსცენ საქართველოს.
ამ ქვეყნებში შედის რუსეთის ფედერაცია, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთმა ეს ვალდებულება შეასრულოს. არ არის გამორიცხული, გარკვეული პოლიტიკური ზეწოლის შედეგად, ბრალდებულები საქართველოს გადმოსცენ. გამოძიების პროცესში ჩვენ მივმართეთ რუსეთის ფედერაციას და მოვითხოვეთ გამოძიების დაწყება. გვაქვს ოფიციალური წერილიც, სადაც წერია, რომ სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და მათ უნდა მივმართოთ. რუსეთის ფედერაცია არც გამოძიებით დაინტერესდა და არც ფაქტის გარკვევით, ასე მოგვიშორეს თავიდან. ჩვენ გვაქვს ე.წ. სამხრეთ ოსეთის პროკურატურის წერილიც, სადაც წერია, რომ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და ეს იყო უბედური შემთხვევა“, – განაცხადა ადვოკატმა.
არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა 11 ოქტომბერს დაიწყება.
დავით გურწიევისა და ალიკ ტაბოევის მიმართ ბრალდების მუხლი გადაკვალიფიცირდა და პროკურატურა მათ 144-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით ედავება, რაც ადამიანის წამებით სიკვდილს გულისხმობს. მათ ბრალი დაუსწრებლად აქვთ წარდგენილი.
არჩილ ტატუნაშვილის წამებით მკვლელობაში ბრალდებულ ორ პირს ინტერპოლის წითელი ცირკულარითაც ეძებენ. ინტერპოლმა არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ პირებზე ძებნა მიმდინარე წლის 13 სექტემბერს გამოაცხადა.
დავით გურწიევსა და ალიკ ტაბოევს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ. ამის შემდეგ მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მათ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დააკისრა. გურწიევსა და ტაბოევს საქართველოს მოქალაქეების – არჩილ ტატუნაშვილისთვის, იოსებ პავლიაშვილისა და ლევან ქუტაშვილისთვის დამამძიმებელ გარემოებებში თავისუფლების უკანონო აღკვეთა და დამამძიმებელ გარემოებებში არჩილ ტატუნაშვილის წამება ედებათ ბრალად. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 12-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.