არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის ადვოკატი - საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი, რომ დავით გურწიევი და ალიკ ტაბოევი იზოლაციაში მოქცეულიყვნენ
არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის ადვოკატი - საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი, რომ დავით გურწიევი და ალიკ ტაბოევი იზოლაციაში მოქცეულიყვნენ

არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ დავით გურწიევის და ალიკ ტაბოევის წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის გამოცხადებაზე ინტერპოლს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ  6 ივლისს მიმართა. ამ პირების გადმოცემის მოთხოვნა რუსეთის ფედერაციის გენერალურ პროკურატურაშიც გაიგზავნა, – ამის შესახებ პირველ არხს არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის ადვოკატმა, იოსებ ხატიაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ინტერპოლის მიერ გურწიევსა და ტაბოევზე წითელი ცირკულარით ძებნის გამოცხადება ნიშნავს, რომ ისინი ვერ გადაკვეთენ ე.წ. საზღვარს. ნებისმიერ ქვეყანაში გასვლისთანავე დააკავებენ და გამოსცემენ საქართველოს.

„ისინი შეზღუდულები იქნებიან, დატოვონ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტერიტორია. თუ რუსეთის ფედერაცია შეასრულებს თავის ვალდებულებას და წინააღმდეგ არ წავა, მაშინ რუსეთის ფედერაციაც ვალდებულია, გადმოგვცეს ორივე პირი. რას გააკეთებს რუსეთი და როგორ მოიქცევა, ცალკე თემააა. რუსეთს ადმინისტრაციული პრაქტიკა აქვს, ვისაც უნდა აკავებს და ვისაც უნდა არა, ვისაც უნდა გადმოგვცემს და ვისაც უნდა არა. რუსეთის გარდა, ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ძებნილ პირებს დააკავებენ და გადმოსცემენ საქართველოს“, – განმარტა ადვოკატმა.

მისი შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი, რომ ეს პირები იზოლაციაში მოქცეულიყვნენ.

„დავით გურწიევი არის დე ფაქტო ხელისუფლების ე.წ. პროკურატურის თანამშრომელი და მონაწილეობდა არჩილ ტატუნაშვილის, ასევე მასთან ერთად მყოფი საქართველოს ორი მოქალაქის უკანონო დაკავებაში. გურწიევმა დააკავა და გადასცა ტატუნაშვილი ცხინვალის რეჟიმის წარმომადგენლებს. ეს დადგინდა, ჩატარდა ამოცნობა. დავით გურწიევს სახეზეც იცნობდნენ და გვარითაც. მისი ამოცნობა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა. გურწიევია ტატუნაშვილის დამკავებელი. ალიკ ტაბოევიც მონაწილებდა საქართველოს მოქალაქეების დაკავებაში. ისიც ამოცნობილია ფოტოსურათით და დადგინდა, რომ ნამდვილად მონაწილეობდა ტატუნაშვილის დაკავებაში. ამ დაკავებას მოჰყვა წამება და წამების შედეგად,  ტატუნაშვილის გარდაცვალება“, – განაცხადა იოსებ ხატიაშვილმა.

ადვოკატი იმედოვნებს, რომ გურწიევსა და ტაბიევს სხვა ბრალდებულებიც დაემატება და გამოძიება საბოლოო შედეგამდე მივა.

2018 წლის 13 სექტემბერს ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ, საქართველოს მხარის მიერ მიმდინარე წლის 6 ივლისს მიწოდებული მასალების საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი დავით გურწიევის და ალიკ ტაბოევის მიმართ ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის გამოცხადებასთან დაკავშირებით. ხსენებული პირები მიცემული არიან სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში საქართველოს მოქალაქეების არჩილ ტატუნაშვილის, იოსებ პავლიაშვილისა და ლევან ქუტაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და არჩილ ტატუნაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში წამების გამო.