არჩილ თალაკვაძე - როგორც ხელისუფლებამ აიღო პასუხისმგებლობა მართლმსაჯულების განხორციელებაზე, ასევე გამოძიებასთან უნდა ითანამშრომლონ ადამიანებმა, რომლებიც მომხდარს შეესწრნენ 
არჩილ თალაკვაძე - როგორც ხელისუფლებამ აიღო პასუხისმგებლობა მართლმსაჯულების განხორციელებაზე, ასევე გამოძიებასთან უნდა ითანამშრომლონ ადამიანებმა, რომლებიც მომხდარს შეესწრნენ 

საპარალამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამის, ზაზა სარალიძისთვის დაცვის ღონისძიებების შეთავაზებას მიესალმება.

როგორც არჩილ თალაკვაძემ „მოამბის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, შსს-მ ჩაატარა ბრიფინგი და საზოგადოებას გააცნო გარემოებები.

„ჩემი აზრით, პირველ რიგში, ეს ბრიფინგი იყო განპირობებული იმით, რომ სახელმწიფო განსაკუთრებული პასუხისმგებლობით და სიფრთხილით ეკიდება იმ პროცესს და იმ ადამიანს, რომლის გარშემოც ეს ყველაფერი ვითარდება. რა თქმა უნდა, ჩვენ დიდი სიფრთხილით ვეკიდებით თითოეული ადამიანის უსაფრთხოებას, თუმცა განსაკუთრებით, როცა ვხედავთ, რომ შესაძლოა, აქ იყოს პოლიტიკური სპეკულაციები; შესაძლოა, ეს ტრაგედია ვინმემ გამოიყენოს თავისი ვიწროპარტიული ინტერესებისთვის. სინამდვილეში კი, ეს საქმე ნამდვილად არ არის პარტიული დღის წესრიგი. მაღლა დგას, ვიდრე რომელიმე პარტიის ინტერესები. ბუნებრივია, სიფრთხილე არის გამართლებული და მივესალმები იმას, რომ შსს-მ შესთავაზა მოწმეთა დაცვის ღონისძიებები ანუ დაცვის დამატებითი ზომების მიღება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე ახალი გარემოებების შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, საქმის გაცნობა მოხდება მას შემდეგ, რაც საპარლამენტო კომისია დაიწყებს მუშაობას.

„ეს მოხდება უმოკლეს დროში. დეტალებზე უკვე მაშინ შეგვეძლება საუბარი. რაც შეეხება თავად საქმეს, როგორც იცით, ამ საქმეში არიან მკვლელობაში ბრალდებული პირები, ასევე დანაშაულის დაფარვასა და შეუტყობინებლობაში ბრალდებული პირები, შესაბამისად, პასუხისგებაში ამ მიზეზით არიან ეს ადამიანები მიცემული. იმთავითვე ცნობილი იყო საზოგადოებისთვის, რომ ათეულობით ადამიანი, რომელიც შესაძლოა ყოფილიყო ამ ფაქტების შემსწრე და მოწმე, არ თანამშრომლობს დღემდე გამოძიებასთან და მათ არ მიუციათ ჩვენებები იმასთან დაკავშირებით, რა ინფორმაციასაც შესაძლოა ფლობენ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

შესაბამისად, მისი თქმით, როგორც ხელისუფლებამ აიღო პასუხისმგებლობა, ყველაფერი გააკეთოს მართლმსაჯულების განსახორციელებლად, ასევე გამოძიებასთან უნდა ითანამშრომლონ ადამიანებმა, რომლებიც მომხდარს შეესწრნენ.

„მნიშვნელოვანია, რომ როგორც ხელისუფლებამ აიღო და მომავალშიც უნდა აიღოს პასუხიმგებლობა ამ საქმეზე, როგორც პროკურატურამ და სასამართლომ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რაც შესაძლებელია იმისთვის, რომ მართლმსაჯულება განხორციელდეს, ასევე საზოგადოების თითოეულმა წევრმა, მათ შორის განსაკუთრებით იმ ადამიანებმა, რომლებიც შესაძლოა, შეესწრნენ მომხდარს, ითანამშრომლონ გამოძიებასთან და გააკეთონ ყველაფერი, რაც მათ მოქალაქეობრივ ვალშია, რომ საქმეზე სრული ჭეშმარიტება გაირკვეს“, – განაცხადა „მოამბის“ პირდაპირ ეთერში არჩილ თალაკვაძემ და აღნიშნა, რომ გამოძიება აქტიურად მუშაობს და კითხვებს პასუხი გაეცემა, როგორც გამოძიების, ასევე საპარლამენტო კომისიის ფარგლებში.