არჩილ თალაკვაძე - მთავრობის შეთავაზება „ფრონტერასადმი“ კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ხელისუფლების პასუხისმგებლიან მიდგომას ამერიკული ინვესტიციების მიმართ
არჩილ თალაკვაძე - მთავრობის შეთავაზება „ფრონტერასადმი“ კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ხელისუფლების პასუხისმგებლიან მიდგომას ამერიკული ინვესტიციების მიმართ

კომპანია „ფრონტერასადმი“ საქართველოს მთავრობის შეთავაზება, თანამშრომლობის საძიებო ტერიტორიის ერთი პროცენტის ფარგლებში გაგრძელების შესახებ, კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ხელისუფლების პასუხისმგებლიან მიდგომას ამერიკული ინვესტიციების მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ფრონტერასთან“ დაკავშირებით მნიშვნელოვანია არა რომელიმე მხარის შეფასებები, არამედ საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

„საქართველოს სახელმწიფომ საარბიტრაჟო დავაში საკუთარი პოზიციები დაიცვა, სიმართლე არის ჩვენს მხარეს. რაც შეეხება შეთავაზებას, რომ თანამშრომლობა გაგრძელდეს იმ ერთი პროცენტის ფარგლებში, რომელიც კონტრაქტში არის მოცემული, კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ხელისუფლების მიდგომას, პასუხისმგებლიან მიდგომას ამერიკული ინვესტიციების მიმართ. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ პარტნიორებს, რომ გვაქვს კონსტრუქციული პოზიცია; რომ ნებისმიერი საერთაშორისო და უცხოური ინვესტიცია საქართველოში არის დაცული; რომ კომპანიას, რომელიც კეთილსინდისიერად საქმიანობს, არანაირი საფრთხე საქართველოში არ ემუქრება. ჩვენ გვაქვს სასამართლო, გვაქვს კანონები და გვაქვს ქვეყანა, სადაც ბიზნესის კეთება არის მარტივი და საიმედო“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ მოშალოს „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენთან“ კონტრაქტი და შესაძლებლობა მისცეს კომპანიას, საქმიანობა განაგრძოს საძიებო ტერიტორიის ერთ პროცენტზე.