არჩილ თალაკვაძე - ჩვენი მთავარი ამოცანაა, გუნდის ერთიანობა გაძლიერდეს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე არ აკონკრეტებს, როდის გაიმართება საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა.
მისი თქმით, საკითხზე კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს.
„ძალიან ზედმეტი მოლოდინები შეიქმნა მედიაში ამ სხდომასთან დაკავშირებით. პარტიის შიგნით კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს და უმრავლესობის სხდომა იქნება ერთგვარი შეჯამება იმ შიდაპარტიული კონსულტაციების, რომელიც ჩვენ გვაქვს მიმდინარე საკითხებზე. პარლამენტის თავმჯდომარე, მე და უმრავლესობის ლიდერები ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს დიალოგი რაც შეიძლება შედეგიანი იყოს. ამოიწუროს თემები, რაზეც გარკვეული უკმაყოფილება გამოითქვა“, -განაცხადა თალაკვაძემ.
მისი თქმით, მთავარი ამოცანაა, გუნდის ერთიანობა გაძლიერდეს.
„ჩვენთვის მთავარია გუნდის ერთიანობა და ამიტომ ჩვენი მთავარი ამოცანაა, გუნდის ერთიანობა გაძლიერდეს“, – განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.
საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა რამდენიმე დღის წინ უნდა გამართულიყო, თუმცა გადაიდო.