აკაკი ზოიძე უმრავლესობის სხდომაზე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარების ინიციატივას დააყენებს
აკაკი ზოიძე უმრავლესობის სხდომაზე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარების ინიციატივას დააყენებს

საპარლამენტო უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე აკაკი ზოიძე საკუთარ ინიციატივას დააყენებს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის წინადადება 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ქვეყანაში პლებისციტის ან რეფერენდუმის ჩატარებას გულისხმობს.

ინიციატორი იმედოვნებს, რომ საკუთარი შეთავაზების სისწორეში თანაგუნდელების დარწმუნება არ გაუჭირდება. მისი განცხადებით, შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაა. იმ შემთხვევაში, თუ აკაკი ზოიძის წინადადებას მმართველი გუნდი მხარს არ დაუჭერს, ის დეპუტატის მანდატის დატოვებას აპირებს.

„ვფიქრობ, პირობა რომ შევასრულოთ, რაც საზოგადოებას მივეცით, აუცილებელია სწორედ ამ ნაბიჯის გადადგმა, რათა აღარავის დარჩეს არგუმენტი გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რასაც ხალხი დაუჭერს მხარს პლებისციტით ან რეფერენდუმით. ამ სიტუაციაში პროპორციული არჩევნები არის საუკეთესო გამოსავალი პროცესების ნორმალურად წარმართვისთვის და პოლარიზაციის შეჩერებისთვის, საზოგადოებაში დაპირისპირების აღმოფხვრისათვის. ჩემი აზრით, არის ეს ძალიან მნიშვნელოვანი და შევეცდები, უმრავლესობის სხდომაზე ჩემი თანაგუნდელები დავარწმუნო ამ მიდგომის უპირატესობაში. ყველა აპელირებს, რომ ეს არის ხალხის აზრი, თუმცა ხალხს არავინ ეკითხება. მოდი, ვკითხოთ ხალხს, მივიღოთ პასუხი და ეს პასუხი მივიღოთ უპირობო და დაუყოვნებლივი მოქმედების სახელმძღვანელოდ ანუ ცვლილებების შეტანა კონსტიტუციაში. ვთვლი, რომ შევძლებ ჩემი კოლეგების დარწმუნებას. ყოველ შემთხვევაში, ძალიან დიდი იმედი მაქვს. ეს არის საუკეთესო გამოსავალი ყველასათვის, პირველ რიგში, ქვეყნისა და საზოგადოებისთვის“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა დღეს, 10:00 საათზეა ჩანიშნული.