„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება
„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში დღეს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება.

დეპუტატების ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი საარჩევნო საკითხებთან ერთად, კომიტეტების ახალი თავმჯდომარეების, ვიცე-სპიკერისა და პირველი ვიცე-სპიკერის კანდიდატურებს შეეხება. ამასთან, სავარაუდოდ ცნობილი გახდება, რაზე შეთანხმდნენ ბიძინა ივანიშვილი და მაჟორიტარი დეპუტატები გუშინდელ შეხვედრაზე.

„ჩვენ, როგორც წესი გვაქვს, საბოლოო დასკვნითი ეტაპი უკვე უმრავლესობის სხდომაა, სადაც საბოლოოდ გადაწყვეტს გუნდი, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით თავის მოსაზრებას იტყვის. ეს იქნება როგორც ვაკანტურ თანამდებობებთან დაკავშირებით, თუ სად, რომელ პოზიციაზე უმრავლესობის რომელი წევრი იქნება წარდგენილი, ამას მედია და საზოგადოება გაიგებს უმრავლესობის სხდომის დამთავრებისთანავე. ასევე, ბიუროს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები და სხვადასხვა საკითხი, რომლებსაც დააყენებს უმრავლესობის ესა თუ ის წევრი, იქნება განხილული და ამის შესახებაც იქნება ცნობილი საზოგადოებისთვის. ჩვენ შიდა სამზარეულოში კონსულტაციები მიმდინარეობდა და ახლაც მიდის. მესმის საჯარო ინტერესი, თუმცა ჩვენ ვიცავთ წესრიგს, რაც აუცილებელია მმართველი პარტიისთვის განსაკუთრებით და ზოგადად, მთლიანად პოლიტიკური სპექტრისთვის, რომ შიდა სამზარეულო, სანამ არ იქნება უმრავლესობის საბოლოო გადაწყვეტილება, არ უნდა გაჟღერდეს. განხილული იყო სხვადასხვა კანდიდატურა და ამ კანდიდატურებს გაცნობებთ დღეს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

უმრავლესობის შეხვედრაზე ასევე მსჯელობა იქნება აკაკი ზოიძის ინიციატივასთან დაკავშირებითაც, რომელიც 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარებას გულისხმობს.

უმრავლესობის სხდომამდე, გუშინ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი მაჟორიტარებს შეხვდა.

როგორც შეხვედრიდან გამოსულმა დეპუტატებმა განაცხადეს, შეხვედრა საარჩევნო საკითხებს შეეხებოდა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დიმიტრი ხუნდაძის თქმით, შეხვედრაზე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პრინციპულ საკითხზე შეთანხმდნენ, თუმცა დამატებითი დეტალები უმრავლესობის სხდომის შემდეგ გახდება ცნობილი.

დეპუტატ ირაკლი შიოლაშვილის განცხადებით, გუშინდელ შეხვედრაზე „ჯენტლმენურად შეთანხმდნენ, რომ დამატებით კომენტარებს არ გააკეთებენ, ვიდრე უმრავლესობის სხდომა არ გაიმართება“.

შეხვედრა მმართველი პარტიის ოფისში 10:00 საათზე დაიწყება.

დატოვე კომენტარი