გია ვოლსკი - უახლოეს მომავალში მთავრობის სერიოზული ანგარიშის მოსმენა გვმართებს
გია ვოლსკი - უახლოეს მომავალში მთავრობის სერიოზული ანგარიშის მოსმენა გვმართებს

უახლოეს მომავალში მთავრობის სერიოზული ანგარიშის მოსმენა გვმართებს, რომელმაც ვალდებულება აიღო, რომ გარკვეულ, დამატებით ღონისძიებას კიდევ შეიმუშავებდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა, რომელიც უმრავლესობის გუშინდელ სხდომას გამოეხმაურა.

ვოლსკის ცნობით, უმრავლესობის ფორმატში ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებს, ასევე პრემიერ–მინისტრს, პარტიის თავმჯდომარესა და გენერალურ მდივანს მოუსმინეს.

„მთავრობის მოსმენა სად მოხდება და რა ფორმა, ამაზე უმრავლესობის სხდომაზე დეტალური საუბარი არ ყოფილა. საუბარი იყო იმაზე, რამდენად ქმედითია ის ღონისძიებები, რაც ტარდება, ეს კონკრეტულ შედეგს რა ვადებში მოიტანს და დამატებით რა არის გასაკეთებელი, რათა ბიძინა ივანიშვილის ჩამოყალიბებული და პარტიულ ყრილობაზე გაჟღერებული თეზისები რეალიზებული იყოს. თუ ეს ნაბიჯი ეფექტური არ იქნება, საკადრო ცვლილებებზე ლაპარაკი შემდეგ შეიძლება. სამთავრობო ცვლილებების საკითხი შეხვედრაზე არ განხილულა“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

დეპუტატი ფიქრობს, რომ სამთავრობო ცვლილებების დრო დღეს არ არის, რადგან მთავრობამ გარკვეული მიმართულებით საინტერესო ნაბიჯები გადადგა, რამაც გარკვეული შედეგები უნდა მოიტანოს.

პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა გუშინ სამ საათს გაგრძელდა.  შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა განაცხადეს, რომ მიმდინარე საკითხებზე ისაუბრეს და სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით არ მსჯელობა არ გამართულა.