პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე მარიხუანის დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მიესალმება.
როგორც ჟურნალისტებს ზოიძემ განუცხადა, ადამიანის უფლებებიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღსასრულებლად სავალდებულოა.
„ცოტა ხნის წინ პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ცვლილებები მიიღო, რომლითაც პირად მოხმარებაზე მარიხუანის ლიბერალიზაცია მოხდა. ეს 260-ე მუხლს არ ეხება, რომელიც გასაღებასა და გაყიდვას ეხება. ასე რომ, ილუზია არავის ჰქონდეს, რომ მარიხუანის ლეგალიზაცია ხდება. მარიხუანის გაყიდვა-გასაღება დასჯად ქმედებად რჩება. უბრალოდ, პირადი მოხმარების მიზნით გამოყენებული მარიხუანა სისხლის სამართლის დანაშაული აღარ იქნება და მხოლოდ ადმინისტრაციული ჯარიმა იქნება გამოყენებული. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მივესალმები, რადგან მიმაჩნია, რომ პირადი მოხმარების მიზნით ადამიანები ციხეში არ უნდა გავუშვათ და ეს ნასამართლეობის მიზეზი არ უნდა იყოს“, – განაცხადა ზოიძემ.
დეპუტატის თქმით, მთელმა მსოფლიომ აღიარა, რომ რეპრესიული მეთოდებით ნარკოტიკების მოხმარების წინააღმდეგ ბრძოლა არაეფექტურია.
„ოთხსვეტიანი და დაბალანსებული პოლიტიკა უნდა იყოს – ზრუნვა, მკურნალობა და რეპრესიები. ეს მიდგომა სწორია. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ დაადასტურა, რომ ეს მიდგომა სწორია. იმედი გვაქვს, რომ კოლეგებთან დამატებითი არგუმენტაცია გვექნება. პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რომ ანალოგიური მიდგომა საინექციო ნარკოტიკებზე იყოს, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანასთან მიმართულებაში მიიღო. მომავალ კვირას საკანონმდებლო პაკეტს განვიხილავთ, რომელიც ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას ეხება“, – განაცხადა ზოიძემ.
შეგახსენებთ, დღევანდელი გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის მოხმარებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გააუქმა.