არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის პროცესზე კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნას და ნივთიერ მტკიცებულებებს გამოიკვლევენ
არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის პროცესზე კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნას და ნივთიერ მტკიცებულებებს გამოიკვლევენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის განხილვა მიმდინარეობს.

სხდომაზე დღეს ბრალდების მხარის კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნას და ასევე ნივთიერ მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.

პროკურორის ზვიად ფხაკაძის თქმით, დღევანდელ სხდომაზე გამოიკვლევენ იმ ორ დანას, რომლითაც ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ მოკლულ მოზარდებს ჭრილობები მიაყენეს.

„ბრალდების მხარემ როგორც კი მიიღო კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნა, დაუყოვნებლივ, პირველივე შეძლებისთანავე წარადგინა სასამართლოში, ასევე დაცვის მხარეს მისცა შესაძლებლობა, მიუხედავად ჩვენი მტკიცებულების გამოკვლევის სტრატეგიისა, გადავანაცვლეთ მტკიცებულებების გამოკვლევის სტრატეგია და ჩავთვალეთ მიზანშეწონილად, რომ იმის გამო, რომ დროულად მისცემოდა ნივთიერი მტკიცებულებები დაცვის მხარეს, შეგვეძლო მომდევნო პროცესზე გამოგვეკვლია აღნიშნული მტკიცებულება, მაგრამ დაცვის მხარესთან შეთანხმებით ნივთიერი მტკიცებულებების გამოკვლევა გადაწყდა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე. ეს არის კომპლექსური ექსპერტიზა, რომელიც მოიცავს რამდენიმე სახის ექსპერტიზას, მასში მონაწილეობას ღებულებდა რამდენიმე ექსპერტი, შესაბამისად, კვლევას ესაჭიროებოდა გარკვეული პერიოდი“, – განაცხადა ზვიად ფხაკაძემ.

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის ადვოკატის ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, ერთი თვეა დარჩენილი საქმის განხილვის დასრულებამდე და დაცვის მხარეს 4-5 თვე დასჭირდა ექსპერტიზის დასკვნის წარმოსადგენად.

„ექსპერტიზის დასკვნაში არის გარკვეული წინააღმდეგობები და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აუცილებლად გავამახვილებთ ყურადღებას. ჩვენ აქამდე არ გვქონდა ნივთმტკიცებულებები, არც ამ დროისათვის გვაქვს, შესაბამისად, შეუძლებელი იყო ჩვენს ექსპერტებს დაეწყოთ მუშაობა. შეუძლებელია გაარკვიო რომელი დანით, რომელი ჭრილობა იყო მიყენებული, შეუძლებელია გაარკვიო საქმეში არსებული დანებით არის თუ არა ჭრილობები მიყენებული, თუ ის დანები, რომლებიც საქმეში არსებობს არ გადაეცა ექსპერტს. ნივთმტკიცებები დაცვის მხარეს გადაეცემა ორშაბათს, შესაბამისად, სრულიად გაუგებარია ბრალდების მხარის პოზიცია, როგორ შეიძლება აქამდე წარმოგვედგინა ექსპერტიზის დასკვნა“, – განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ

თბილისში, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა. ჯგუფურად ორი არასრულწლოვნის მკვლელობაში ორი არასრულწლოვანია ბრალდებული.