არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის პროცესზე ფარული ვიდეო-აუდიო ჩანაწერები გამოიკვლიეს
თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის სასამართლო პროცესზე დღეს ფარული ვიდეო-აუდიო ჩანაწერები გამოიკვლიეს.
გამოკვლეულ ჩანაწერში ერთ-ერთი არასრულწლოვანი 1 დეკემბერს მომხდარ კონფლიქტს იხსენებდა.
პროკურორ ზვიად ფხაკაძის თქმით, მოწმემ სასამართლოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა. ასევე, პირველად დაიკითხნენ გამომძიებლები, რომლებმაც დაკავებული მოზარდების საცხოვრებელი სახლებიდან ნივთიერი მტკიცებულებები ამოიღეს.
შემდეგი სხდომა იმ ექსპერტების დაკითხვით განახლდება, რომლებიც კომპლექსური ექსპერტიზის მომზადებაში მონაწილეობდნენ.
ექსპერტიზით დაზუსტებით ვერ კონკრეტდება, აქვთ თუ არა მოკლულ არასრულწლოვნებს მიყენებული ჭრილობები იმ ორი იარაღით, რომლებიც საქმეში ფიგურირებს, თუმცა არც ამის შესაძლებლობას გამორიცხავს.
ამასთან, დღეს საღამოს საქართველოში ბრიტანელი ექსპერტები ჩამოვლენ, რომლებიც ალტერნატიულ ექსპერტიზაში მიიღებენ მონაწილეობას. ბრიტანელი ექსპერტები პროცესში დაცვის მხარის მოთხოვნით ერთვებიან.
საქმეზე შემდეგი სხდომა 28 აპრილს არის ჩანიშნული.