არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის განხილვა მოწმეებისა და ექსპერტების დაკითხვით განახლდება
არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის განხილვა მოწმეებისა და ექსპერტების დაკითხვით განახლდება

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე სასამართლო სხდომა დღეს მოწმეებისა და ექსპერტების დაკითხვით განახლდება.

საქმეს პირველი ინსტანცია განიხილავს, თუმცა სხდომა დღეს უზენაესი სასამართლოს შენობაში ჩატარდება.

როგორც ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა, ინგა შარაშენიძემ პირველ არხთან საუბრისას განაცხადა, რამდნიმეთვიანი პროცესების შემდეგ, მთავარი კითხვები კვლავ პასუხგაუცემელია, ამ დრომდე ვერ ხერხდება როგორც დამნაშავე, ისე უდანაშაულო პირების სრულად დადგენა.

ინგა შარაშენიძე ამის მიზეზად მოწმეებსა და მათ ჩვენებებს ასახელებს. იურისტის განცხადებით, მოწმეები ერთმანეთს ხელს აფარებენ, ჩვენებები კი სიმართლეს არ შეიცავს. ადვოკატის თქმით, მის ვარაუდს ადასტურებს ისიც, რომ მოწმეების ჩვენებები არ ემთხვევა ექსპერტიზის დასკვნას და ასევე შეუსაბამოა მტკიცებულებებთან.

იურისტი გამოძიების პროცესში ჩვენებების შეცვლის ფაქტებზეც საუბრობს. მისი თქმით, ასეთი შემთხვევა რამდენჯერმე მოხდა, თუმცა საგამოძიებო უწყებას მასზე რეაგირება არ მოუხდენია.

ადვოკატი შიშობს, რომ საქმის დასრულების შემდეგ, მოწმეთა არასრული ჩვენებების გამო, დამნაშავე პირების რაოდენობა დაუდგენელი დარჩება, რითაც კონფლიქტში ჩართული, თუ უშუალოდ მონაწილე ყველა მოზარდი პასუხისგებაში ვერ მიეცემა.

„ექსპერტები და მოწმეები დარჩნენ დასაკითხი. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ რაც აქამდე გამოვკითხეთ, არ ნიშნავს იმას, რომ ყველას დანაშაული თუ უდანაშაულობა დამტკიცდა. მოწმეები არ ამბობენ სიმართლეს, ცვლიან ჩვენებას და ხელს აფარებენ ერთმანეთს. ჩემს მოსაზრებას ამყარებს ისიც, რომ მოწმეების ჩვენებები და ექსპერტიზის დასკვნები წინააღმდეგობაში მოდის. დასკვნა უნდა იყოს მტკიცებულებებთან შესაბამისობაში. არადა ექსპერტიზა ერთს ამბობს და მოწმეები – სხვას. მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე შეცვალეს მოწმეებმა ჩვენებები, პროკურატურას ამ მოწმეებზე რეაგირება ამ დრომდე არ მოუხდენია. როცა დასრულდება პროცესები, კითხვები სავარაუდოდ პასუხგაუცემელი დარჩება. შესაძლოა, ნაწილობრივ დადგინდეს დამნაშავეთა რაოდენობა. ვინაობა არ დადგინდება და პასუხისგებაშიც ვერ მისცემენ ამ პირებს“, – განაცხადა ინგა შარაშენიძემ.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა. ჯგუფურად ორი არასრულწლოვნის მკვლელობაში ორი არასრულწლოვანია ბრალდებული.