არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 2 ივლისს ზვიად კუპრავას გამოკითხავენ
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 2 ივლისს ზვიად კუპრავას გამოკითხავენ. შესაბამისი საკითხი დღის წესრიგში კომისიის დღევანდელ სხდომაზე თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ დააყენა.
ზვიად კუპრავას გამოკითხვაზე დაბარებას მხარი დაუჭირა კომისიის წევრთა უმრავლესობამ, ნაწილმა თავი შეიკავა, ხოლო წინააღმდეგი არავინ ყოფილა.
კომისიის წევრი, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, მამუკა მდინარაძე ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ზვიად კუპრავას დაკითხვას საჭიროდ არ მიიჩნევს, თუმცა მდინარაძემ აქვე განმარტა, რომ არც გამოკითხვის წინააღმდეგია.
მისი თქმით, არის ალბათობა, რომ კუპრავას გამოკითხვით აღნიშნული საკითხის პოლიტიზება მოხდეს.
ამ ვარაუდს არ დაეთანხმა კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე. მისი თქმით, გამოკითხვაზე მოსული ვერც ერთი ადამიანისგან ვერ მოხდება საკითხის პოლიტიზება. როგორც კაპანაძემ აღნიშნა, ის ყველა კოლეგას მოუწოდებს, თავი შეიკაონ საკითხის პოლიტიზებისგან.
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია ორშაბათს, 2 ივლისს შეიკრიბება. როგორც სერგი კაპანაძემ განაცხადა, დღის წესრიგით სამი საკითხია განსახილველი: რეკომენდაციების განხილვა, ზვიად კუპრავას გამოკითხვა და შსს-ს სამი წარმომადგენლის გამოკითხვა.
მისი თქმით, კომისია 10:00 საათიდან განაახლებს მუშაობას და თუ ორშაბათს ვერ მოესწრება ყველა საკითხის განხილვა, მუშაობა სამშაბათს, 3 ივლისს გაგრძელდება.