არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე სასამართლოში ბრალდების მხარის მოწმეებს დაკითხავენ
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დღეს ბრალდების მხარის მოწმეებს დაკითხავენ, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დანაშაულის დაფარვაში ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა იმედა ბეროშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა.
მისი თქმით, სასამართლოში ამ დრომდე არ დაკითხულან კალანდიები და აცხადებს, რომ მისთვის უცნობია, რა მიზეზით ჭიანურდება საქმის განხილვა.
„დაცვის მხარისთვის მნიშვნელოვანია, რითაც არის ბრალი წარდგენილი ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ – ეს არის კალანდიების ჩვენება. აღნიშნულ ჩვენებებთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ გამოძიებაშივე არის ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები. ასევე როგორც ვიცით, ძირითად სასამართლო სხდომაზე ერთ-ერთმა კალანდიამ უარყო ის ჩვენება, რაც გამოძიებაში ჰქონდა მიცემული. შესაბამისად, ჩვენც გვაქვს მოლოდინი, რომ ილაპარაკებს სიმართლეს. თუმცა, როგორც აღვნიშნე, დაცვის მხარისთვის პრიორიტეტული და მნიშვნელოვანია სწორედ აღნიშნული მოწმეების, კალანდიების დაკითხვა, რაც დღეის მდგომარეობით ვერ მოხერხდა. ჩვენი ინფორმაციით, დღეს კითხავენ გამომძიებლებს, ჩვენ კი კალანდიების დაკითხვა გვინდა, მაგრამ ჭიანურდება, თუმცა რა მიზეზით, უცნობია. ამ რიგითობასაც თვითონ სახელმწიფო ბრალდების მხარე განსაზღვრავს და ინახავს როგორც ჩანს ბოლოსთვის. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშაცედ არ ცნობს“, – განაცხადა ბეროშვილმა.