არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს განახლდება
თბილიში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს განახლდება.
პროცესზე დაცვის მხარის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგებს გამოიკვლევენ. ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, ჩატარებული ექსპერტიზა უპასუხებს კითხვაზე, თუ მინიმუმ რამდენი დანაა გამოყენებული მოკლული დავით სარალიძის სხეულზე.
დღესვე სავარაუდოდ ის ექსპერტებიც დაიკითხებიან, რომლებმაც ექსპერტიზაში მიიღეს მონაწილეობა და აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა მოამზადეს.
„დარწმუნებული ვარ, ექსპერტთა ჩვენებებით, ექსპერტიზის დასკვნის გამოკვლევით, კიდევ ერთხელ უტყუარად დადგინდება ის, რომ არა ორი ან ერთი, არამედ, გაცილებით მეტი დანა იქნა გამოყენებული დავით სარალიძის მკვლელობის დროს. შესაბამისად, უტყუარად დადგინდება ისიც, რომ გაცილებით მეტი პირი მონაწილეობდა დავით სარალიძის დაჭრაში. საქმეში არსებული გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა ის, რომ ბრალდება არის აბსოლუტურად უსაფუძვლო, ბრალდება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ედავება ისეთი დანაშაულის ჩადენას, რომელიც მას არ ჩაუდენია. ამ ბრალდებაში ის არის სრულიად უდანაშაულო.
შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ მტკიცებულებათა გაანალიზების შედეგად, სასამართლო მივა იმ დასკვნამდე, რომ არ უნდა გაიზიაროს სრულიად უსაფუძვლო პოზიცია, რომელიც აქვს ბრალდების მხარეს და უნდა გაიზიაროს სრულიად საფუძვლიანი და დასაბუთებული პოზიცია, რომელიც დაცვის მხარეს გაგვაჩნია”, – აცხადებს ტარიელ კაკაბაძე.