არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე იმ მოზარდის დაკითხვა გაგრძელდება, რომელსაც დანაშაულის დაფარვას ედავებიან
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დღეს იმ მოზარდის დაკითხვა გაგრძელდება, რომელსაც ამავე საქმეზე დანაშაულის დაფარვას ედავებიან.
მოზარდი უკვე ორჯერ წარდგა სასამართლოში, თუმცა დროის უკმარისობის გამო, მისი დაკითხვა ვერ დასრულდა. მოზარდზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება და ის პატიმრობაში არ არის. ამავე ბრალდებით წინასწარ პატიმრობაშია მისი მამა. საუბარია არასრულწლოვანზე, რომელიც 1-ელ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მისი დეიდაშვილის თხოვნით მივიდა, რომელსაც სხვა მოზარდებთან კონფლიქტი ჰქონდა.
მოკლული არასრულწლოვნის მამა ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ მოზარდმა სასამართლოში მასზე განხორციელებულ ზეწოლაზე ისაუბრა. გარდა ამისა, დაზარალებულად ცნობილმა ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ მოწმე საუბრობდა ურთიერთგამომრიცხავ გარემოებებზე. თუმცა, მხარეების განმარტებით, სასამართლოში მეორედ მან ზეწოლის ფაქტი აღარ დაადასტურა და თქვა, რომ ეს ბრალდებულების დასახმარებლად მოიგონა. სწორედ ამიტომ, დაცვის მხარე სასამართლოს სთხოვს, რომ არასრულწლოვნის ჩვენება, როგორც შეცვლილი ინფორმაცია, სასამართლომ არ გაიზიაროს.
არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე სხდომა საქალაქო სასამართლოში 10:30 საათზეა ჩანიშნული.