არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე დაკავებულთაგან ერთ-ერთი ბრალს ჯერ არ აღიარებს
არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე დაკავებულის ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის ინფორმაციით, არასრულწლოვანი, რომელიც სამართალდამცავებს მკვლელობიდან სამი დღის შემდეგ ჩაბარდა, ჯერ დანაშაულს არ აღიარებს.
ადვოკატის განცხადებით, ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი არასრულწლოვანი ბრალს აღიარებს, არ ეხება იმ არასრულწლოვანს, რომელიც სამართალდამცავებს შემთხვევიდან რამდენიმე დღეში ჩაბარდა. დაცვის მხარე განმარტავს, რომ სანამ ბრალდებული სასამართლოს ჩვენებას არ მისცემს, ბრალის აღიარებაზე მხარე ვერ ისაუბრებს.
“ჩვენ ჩვენებას მივცემთ დეტალურად. ჯერ ზედმეტია იმაზე საუბარი, აღიარებს თუ არა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს. სასამართლო სხდომაზე ის დეტალურ ჩვენებას მისცემს და ბევრ რამეზე ამის მერე ვისაუბრებთ”, – აღნიშნა ტარიელ კაკაბაძემ.
შეგახსენებთ, პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის შედეგად ორი არასრულწლოვანი დაიღუპა.