არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე დაცვის მხარე ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნას წარადგენს
არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე დაცვის მხარე ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნას წარადგენს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაცვის მხარე სხდომაზე ახალ მტკიცებულებას წარადგენს. ეს არის ალტერნატიული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა.

ადვოკატი ამბობს, რომ დასკვნა განსხვავებულია იმ ექსპერტიზისგან, რაც პროკურატურამ წარმოადგინა.

“დღევანდელ სხდომაზე ვითხოვთ, რომ მტკიცებულებად დაერთოს საქმეს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. დასკვნა ახლახანს მოვიპოვეთ და აქამდე არ იყო შესაძლებელი მტკიცებულების წარდგენა. სამომავლოდ უფრო ვისაუბრებ შინაარსზე. აუცილებელია ყველა იმ ექსპერტის დაკითხვა, ვინც მონაწილეობდა ამ ექსპერტიზის დასკვნის შედგენაში. ამ ეტაპზე შემიძლია ვთქვა, რომ კონკრეტული ექსპერტიზის დასკვნა შინაარსობრივად განსხვავდება იმისგან, რაც წარმოადგინა სახელმწიფო ბრალდებამ”, -აღნიშნა ტარიელ კაკაბაძემ.

დღევანდელ პროცესზე ორი სრულწლოვანი მოწმე დაიკითხება. ბრალდების მხარე არ აკონკრეტებს, ვის მოუსმენს სასამართლო, თუმცა პროკურორი ამბობს, რომ მოწმეები საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე ისაუბრებენ.

“ბრალდების მხარემ მხოლოდ ორი მოწმე წარმოადგინა, იმის გათვალისწინებით, რა დროც იყო გამოყოფილი სხდომისთვის. მოხდება ხსენებული პირების დაკითხვა და ისინი მიაწვდიან საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებულ ინფორმაციას სასამართლოს. შინაარსზე ვერ მოგახსენებთ. ისინი სრულწლოვანი მოწმეები არიან, დანარჩენს ვერ დავაკონკრეტებ”, -განაცხადა ზვიად ფხაკაძემ.

პირველ დეკემბერს მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულია ორი არასრულწლოვანი. მათ ბრალად ედებათ წინასწარ შეცნობით, განზრახ მკვლელობა ჯგუფურად. სხდომა მედიისთვის დახურულია. არასრულწლოვნების კანონიერი წარმომადგენლების გარდა, მოსამართლის გადაწყვეტილებით, პროცესებს დაესწრებიან გარდაცვლილების მშობლებიც.