არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებისთვის სასჯელის ვადას მოსამართლე დღეს გამოაცხადებს
ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულებისთვის სასჯელის ვადას მოსამართლე დღეს გამოაცხადებს.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 10:30 საათზეა დანიშნული.
ხორავას ქუჩაზე მომხდარ არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე სასამართლომ განაჩენი გუშინდელ სხდომაზე დაადგინა.
სასამართლოს განმარტებით, გ.ბ. ცნობილი იქნა დამნაშავედ დამამძიმებელ გარემოებაში – წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში, ხოლო გ.ჯ. ცნობილი იქნა დამნაშავედ დამამძიმებელ გარემოებაში – წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში. ამავე განაჩენით, წარდგენილ ბრალდებაში გ.ბ. , გ.ჯ.-სთან ერთად, უდანაშაულოდ იქნა ცნობილი დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში, ხოლო გ.ჯ მიერ ჩადენილი დანაშაული სასამართლოს მიერ დაკვალიფიცირდა როგორც დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში.
თბილისში, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა.