არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეში ბრალდებულების სასამართლო სხდომა დღეს გაიმართება
არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეში ბრალდებულების სასამართლო სხდომა დღეს გაიმართება

თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეში ბრალდებულების სასამართლო სხდომა დღეს გაიმართება. თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი 15:00 საათზეა ჩანიშნული.

სხდომა დახურული იქნება. ეს არის წინასასამართლო სხდომა, რომელზეც მხარეებმა მტკიცებულებების დასაშვებობაზე უნდა იმსჯელონ.

ერთი-ერთი არასრულწლოვნის ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამ დრომდე დუმილის უფლებას იტოვებს. დაცვის მხარე სხდომაზე მოითხოვს, ბრალდების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავო გახდეს.

„ხვალ მტკიცებულებებს წარვადგენთ. ბრალდების მხარეც და დაცვის მხარეც. შემდეგ ვიმსჯელეთ დასაშვებობაზე, სადავოობაზე. ამის შემდეგ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხის განხილვა იქნება. ბოლოს უკვე საქმის არსებითი განხილვისთვის გადაცემაზე ვიმსჯელებთ. ეს არის ძაან დიდი საქმე და დიდი დრო დასჭირდებათ მხარეებს პოზიციების ჩამოსაყალიბებლად. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ისევ დუმილის უფლებას იტოვებს. სავარაუდოდ ბოლომდე ასე იქნება. სადავოდ გავხდი ბრალდების მტკიცებულებებს“, – აცხადებს ვახტანგ აბესაძე.

შეგახსენებთ, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე პასუხისგებაშია მიცემულ შვიდი პირი. მათგან ორ არასრულწლოვანს ბრალად ედება განზრახ მკვლელობა ჯგუფურად, დანარჩენებს კი დანაშაულის შეუტყობინებლობა. დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დაკავებულია სამი პირი, ორზე კი ვრცელდება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი. 17 წლის მოზარდზე პროკურატურამ მეთვალყურეობა, 21 წლის პირზე კი გირაოს შეფარდება მოითხოვა.