ავსტრალიის მოქალაქის, პოლ ლეხმანის ბრალდების საქმეში ბავშვების პორნოგრაფიული ფოტო და ვიდეო მასალა დევს, – ამის შესახებ არასრულწლოვნების პორნოგრაფიასა და ტრეფიკინგში ბრალდებული ლეხმანის ადვოკატმა, ნინო ტაბატაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
თბილისის საქალაქო სასამართლო პოლ ლეხმანის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მსჯელობს. პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. სხდომის დახურვაზე შუამდგომლობა პროკურორმა დააყენა, რასაც ბრალდებულიც დაეთანხმა.
როგორც ცნობილია, ბრალდების მხარე ავსტრალიის მოქალაქისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს, თავის მხრივ ადვოკატი გეგმავს, რომ გირაოს შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს, ან პოლ ლეხმანის აღკვეთის გარეშე დატოვება მოითხოვოს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, გენერალური პროკურატურის, ევროპოლის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავსტრალიის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, არასრულწლოვნის ვაჭრობისა და არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღების ქსელი გამოავლინეს და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავეს.