არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმეზე ცხრა ბრალდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმეზე ცხრა ბრალდებულის მიმართ საპროცესო შეთანხმება დაამტკიცდა. ბრალდებულებმა პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალი აღიარეს.
ერთ-ერთ ბრალდებულს, რომელიც ამერიკის მოქალაქეა სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დანარჩენი რვა ბრალდებულის შემთხვევაში კი, სასჯელი ოთხიდან ექვს წლამდეა. საპროცესო შეთანხმება ვერ გაფორმდა მხოლოდ ერთი ბრალდებულის გ.ბ-ს მიმართ, რომელსაც დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებოდა ბრალად. ის საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე არ აღიარებდა მის მიმართ წარდგენილ ბრალს და არ დათანხმდა პროკურატურის შეთავაზებას, საპატიმროში ერთი წელი გაეტარებინა. სასამართლომ მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
„ბრალდებული გ.ბ უარს აცხადებდა საპროცესოზე, რომლის თანახმადაც, მას ფაქტიურად მხოლოდ ერთი წლის გატარება მოუწევდა ციხეში. სასამართლომ მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა დანაშაულის შეუტყობინებლობისათვის. დანარჩენ ბრალდებულებს კი, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. მოცემულ შემთხვევაში ჩვენ კვალიფიკაციის შეცვლას ვითხოვდით, რაც ითვალისწინებდა ნაკლებ სასჯელს, თუმცა ჩვენ საქმე დავად არ გვიღირდა და ეს პირობა ხელსაყრელი იყო. საპროცესო შეთანხმების სავალდებულო ფორმალური პირობა შესრულებული იყო“, – განაცხადა ადვოკატმა სალომე კალაიჯაშვილმა.
საქმეში დაზარალებული 23 არასრულწლოვანია, რომელთა ასაკი რვიდან 14 წლამდეა.