არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე ბრალდების მხარის ორი მოწმე დაიკითხება
თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების პროცესი დღეს ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევით გაგრძელდება. კერძოდ, სხდომაზე ბრალდების მხარის ორი მოწმე დაიკითხება.
როგორც დაცვის მხარე აცხადებს, ერთ-ერთი მოწმე სასამართლოს მნიშვნელოვან ინფორმაციას მიაწვდის.
„ბრალდების მხარე წარმოადგენს 51-ე სკოლის მასწავლებელს და ასევე, ერთ-ერთ თანამშრომელს, რომელიც მუშაობს ხორავას ქუჩაზე, ხორავას ქუჩაზე აჩერებს მანქანას იმ ეზოსთან, სადაც მოხდა აღნიშნული შემთხვევა. ამ ადამიანისთვის გარკვეული მომენტები ცნობილია, რა მოხდა შემთხვევის ადგილზე და საკმაოდ მნიშვნელოვან ინფორმაციას მიწვდის სასამართლოს. მართალია, უშუალოდ ჩხუბის მომენტში იქ არ ყოფილა, მაგრამ რაღაც ეტაპს შეესწრო“, – განაცხადა ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა, ეკატერინე მაჭარაშვილმა.
გასულ კვირას სასამართლომ უკვე მოუსმინა სასწრაფო დახმარების ექიმს, მასწავლებელსა და ექსპერტს. მას შემდეგ, რაც ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დასრულდება, სასამართლო დაცვის მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე გადავა.