არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე 51-ე სკოლის დირექტორის მოადგილე დაიკითხა
არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე მოწმის სახით 51-ე სკოლის დირექტორის მოადგილე დაიკითხა. მისი დაკითხვა მხოლოდ პროკურატურამ შეძლო, შემდეგ სხდომაზე კი აღნიშნული მოწმის დაკითხვას დაცვის მხარე განაგრძობს.
გარდა ამისა, სხდომაზე დააყენეს ორი შუამდგომლობა. პროკურატურა ითხოვს კომპიუტერული ექსპერტიზის შედეგების მტკიცებულებად დართვას. დაცვის მხარე კი სამედიცინო ექსპერტიზის შედეგების დასკვნას. ეს არის მათ მიერ ჩატარებული ალტერნატიული ექსპერტიზა. ორივე შუამდგომლობაზე მოსამართლე გადაწყვეტილებას მხარეებს შემდეგ სხდომაზე გამოცხადებს.
„ბრალდებამ ერთი მოწმე წარმოადგინა, თუმცა დროის გასვლის გამო ვერ მოესწრო მისი დაკითხვა. გარდა ამისა, ბრალდების მხარემ წარადგინა ექსპერტიზის დასკვნა, ეს არის კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნა. რაც შეეხება დაცვის მხარის ექსპერტიზას – ისინი მცდარ ინფორმაციას ავრცელებენ, თითქოს მათი ექსპერტიზით ბათილდება ჩვენი მტკიცებულებები. ეს არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან ბრალდების მხარე გამოიკვლევს სხვა ექსპერტიზის დასკვნებსაც და დაკითხავს მოწმეებს. ამის შემდეგ ბრალდების მხარეს მხოლოდ გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვს. დღეს წარმოდგენილმა მოწმემ სასამართლოს სრული ინფორმაცია მიაწოდა ფაქტობრივ გარემოებებზე“, – განაცხადა პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ.
პირველ დეკემბერს მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულია ორი არასრულწლოვანი. მათ ბრალად ედებათ წინასწარ შეცნობით, განზრახ მკვლელობა ჯგუფურად. სხდომა მედიისთვის დახურულია. არასრულწლოვნების კანონიერი წარმომადგენლების გარდა, მოსამართლის გადაწყვეტილებით, პროცესებს დაესწრებიან გარდაცვლილების მშობლებიც.