არასრულწლოვანს, რომელსაც თავს დაესხნენ, შესაძლოა, თვალზე ქირურგიული ჩარევა დასჭირდეს
არასრულწლოვანს, რომელსაც თავს დაესხნენ, შესაძლოა, თვალზე ქირურგიული ჩარევა დასჭირდეს

13 წლის ბიჭს, რომელიც დღეს ზრდასრული მამაკაცის მხრიდან თავდასხმის მსხვერპლი გახდა, შესაძლოა, თვალზე ქირურგიული ჩარევა დასჭირდეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს იაშვილის კლინიკის ექიმმა, ოთარ რუსაძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ბავშვს თვალზე სისხლნაჟღენთები აღენიშნება და მხედველობა უჭირს. როგორც ირკვევა, არასრულწლოვანს ორივე თვალის არეში დაზიანება ხელით აქვს მიყენებული. ასევე, აღენიშნება დაზიანება ყელის არეში.

„ამჟამად პაციენტს არც ნეიროქირურგიული და არც აბდომინური ოპერაციული ჩარევა არ სჭირდება. რჩება საკვლევად მხოლოდ თვალი. მოვა კონსულტანტი, რომელიც შეაფასებს თვალის მდგომარეობას და გადაწყვეტს, სჭირდება ქირურგიული ჩარევა თუ კონსერვატიული მკურნალობა. ორივე თვალიდან სისხლნარევი გამონადენი აქვს. გულ-მკერდის მარჯვენა მხარეს სისხლნაჟღენთებია“, – განაცხადა ოთარ რუსაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, ხომ არ განხორციელებულა ბავშვზე სექსუალური ძალადობა, ექიმმა განაცხადა, რომ ბავშვის მონაყოლის მიხედვით, მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

თბილისში არასრულწლოვანს თავს დაესხნენ. მომხდარზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა.

შსს-ს ინფორმაციით, „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ არასრულწლოვან ბიჭს დახმარება სჭირდებოდა. საპატრულო ეკიპაჟი დაუყოვნებლივ გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე. პირველადი ინფორმაციით, აზერბაიჯანის მოქალაქემ 2004 წელს დაბადებულ ნ.ც.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

მათივე ინფორმაციით, პატრულ-ინსპექტორებს საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში დაახლოებით 13 წლის ბიჭი დახვდათ, რომელსაც სხეულზე დაზიანება აღენიშნებოდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ არასრულწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანა.

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქე ადგილზევე დააკავა. გამოძიების ფარგლებში დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

მეზობლების ინფორმაციით, შემთხვევა 15:00 საათზე მოხდა, როდესაც მერვეკლასელი, 13 წლის მოზარდი სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა.

მათივე ინფორმაციით, მოზარდს ლიფტში ერთ-ერთი მოქალაქე შეყვა. ამასთან, ისინი აცხადებენ, რომ ლიფტიდან მოზარდის ხმა გაიგონეს, შემდეგ კი ბავშვის სახეზე დაზიანებები შენიშნეს და სასწრაფოს გამოუძახეს.