არასაპარლამენტო პარტიების წარმომადგენლები საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით კახა კუჭავას შეხვდნენ
არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას შეხვდნენ. მათ პარლამენტის სპიკერს საკუთარი ხედვები გააცნეს.
არასაპარლამენტო ოპოზიცია წუხილს გამოთქვას, რომ ისინი არ არიან ჩართული საარჩევნო რეფორმის პროცესში და იმედს გამოთქვამენ, რომ პარლამენტის ახალი თავმჯდომარე მათ წინადადებებს საარჩევნო კოდექსის მეორე მოსმენით განხილვისას გაითვალისწინებს.
არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების საკანონმდებლო მოთხოვნები 12 პუნქტისგან შედგება. მათ შორის არის საარჩევნო ბლოკების დაშვება და ბარიერგადალახული პარტიებისთვის კვალიფიციური სტატუსის აღდგენა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს მაჟორიტარებისთვის 50-პროცენტიანი ბარიერის შემოღება, ასევე ცესკო-ს ადმინისტრაციის დაკომპლექტებისა და პარტიების დაფინანსების წესის ცვლილებები.
არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ პარლამენტის მიერ მომზადებული საარჩევნო რეფორმა მმართველ პარტიაზეა მორგებული და ვერ უზრუნველყოფს არჩევნების სანდოობას.
„რაც მთავარია, პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან იყო ინტერესი, რაც ჩვენ დავინახეთ, რომ ამ საკითხებზე კომპრომისი მოინახოს. ბუნებრივია, რომ ის ერთპიროვნულად, ახლა, დღეს პასუხს ვერ გაგვცემდა და ამასთან დაკავშირებით უმრავლესობაში მან კონსულტაციები უნდა გაიაროს. ჩვენ დავინახეთ, რომ ასეთი სურვილი არსებობდა. დანარჩენი, რამდენად შეძლებს საკუთარი თანაგუნდელების დარწმუნებას, რომ მნიშვნელოვანია, არასაპარლამენტო ოპოზიციის ხმაც გათვალისწინებული იქნას ამ კომპრომისში, ამას დავინახავთ უახლოეს დღეებში, მაგრამ ჩვენ ვართ ოპტიმისტურად განწყობილი. ძირითადი საკითხი მაინც არის ბლოკების საკითხი. დღეს ქართული პოლიტიკა არის ორპარტიული და ამაზე ყველა საუბრობს, რომ ორი დიდი ცენტრის არსებობა არ წაადგება არც ქვეყანას და არც სტაბილურობას. ამიტომ, ჩვენ ვითხოვთ, რომ მცირე პარტიებს, რომლებსაც არ ჰყავთ მრავალმილიონიანი სპონსორები, მიეცეთ ბლოკების შექმნის საშუალება. გარდა ამისა, სხვა საკითხებიც არის, რომლებზეც შეგვპირდნენ, რომ მეორე მოსმენის დროს იქნება გათვალისწინებული, დაწყებული საარჩევნო უბანზე ბიომეტრიული ვერიფიკაციით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა კარუსელების თემას ბოლო მოეღოს. საკრებულოში მაჟორიტარებისთვის 50-პროცენტიანი ბარიერი თუ არ დაწესდა, გვექნება სამარცხვინო ჩრდილოკორეული შედეგი, როდესაც ოლქების 99 პროცენტს ან 100 პროცენტს მოიგებს ერთი პარტია და არ არის რთული მისახვედრი, ვინ მოიგებს. ამიტომ ჩვენ ვითხოვთ, დაწესდეს 50-პროცენტიანი ბარიერი. არის კიდევ სხვა საკითხებიც“, – განაცხადა „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა, კახა კუკავამ.