არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის მონიტორინგისთვის, „ევროპის სახალხო პარტია“ ლობისტური საქმიანობის გამჭვირვალობაზე აშშ-ის კანონმდებლობის (FARA) ანალოგის მიღების ინიციატივით გამოვიდა
არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის მონიტორინგისთვის, „ევროპის სახალხო პარტია“ ლობისტური საქმიანობის გამჭვირვალობაზე აშშ-ის კანონმდებლობის (FARA) ანალოგის მიღების ინიციატივით გამოვიდა

ევროპარლამენტში ლობისტური საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით აშშ-ში მოქმედი კანონმდებლობის ანალოგის მიღების ინიციატივით გამოვიდნენ, არასამთავრობო ორგანიზაციების და მესამე ქვეყნების აქტორების გავლენებისა და საქმიანობის მონიტორინგისთვის. ამის შესახებ „ევროაქტივი“ წერს.

მედიის ცნობით, ევროპარლამენტში 13 თებერვალს გამართული დებატების დროს „ევროპის სახალხო პარტიის“ კანონმდებელმა, საბიუჯეტო კონტროლის კომიტეტის თავმჯდომარემ, მონიკა ჰოჰლმაიერმა დეპუტატებს მოუწოდა, შეიმუშაონ აშშ-ში მოქმედი უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) მსგავსი კანონპროექტი კონტროლისა და გამჭვირვალობის გასაძლიერებლად.

როგორც „ევროაქტივი“ წერს, აშშ-ის უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი ავალდებულებს უცხო ქვეყნების ყველა პოლიტიკოსს და მათ ლობისტებს, დარეგისტრირდნენ და გამოაქვეყნონ ამერიკელ კანონმდებლებთან მათი მუშაობის დეტალები, მათ შორის ფორმალური კონტრაქტები, გადასახადები, საჯაროდ ხელმისაწვდომ ვებგვერდზე.

მედიის ცნობით, „ევროპის სახალხო პარტია“ გამოდის მოწოდებით, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა წინასწარ გაიარონ ყოვლისმომცველი ფინანსური შემოწმება ევროკავშირის გამჭვირვალობის რეესტრის სიაში მათ შეტანამდე, ასევე გამოქვეყნდეს ევროკომისიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის სახელშეკრულებო შეთანხმებები.

როგორც მედიასაშუალება წერს, მსგავსი კანონის მიღება იქნება დიდი ნაბიჯი ევროკავშირის ინსტიტუტების გამჭვირვალობის გასაძლიერებლად, თუმცა ეს საჭიროებს ევროკომისიის მხრიდან საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენას. ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას მიერ წარდგენილი რეფორმის პაკეტი ამჟამად არ მოიცავს ევროკავშირის უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტს.

„ზოგიერთი „შავი ცხვარი“ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების კარგი მუშაობის დისკრედიტაციის საფრთხეს ქმნის. ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ მესამე ქვეყნის მოქალაქეებმა და კრიმინალებმა გამოიყენონ არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესზე გავლენის, ქრთამების გადახდის და ევროკავშირის ფონდებზე წვდომის მისაღებად“, – განაცხადა მონიკა ჰოჰლმაიერმა.

ინიციატივას ევროპარლამენტში მოწინააღმდეგეებიც ჰყავს.

„არ ვფიქრობ, რომ ჩვენ სამოქალაქო საზოგადების წინააღმდეგ „ალქაჯებზე ნადირობა“ უნდა მოვაწყოთ“, – აღნიშნა გერმანელმა სოციალისტმა დეპუტატმა, უდო ბულმანმა, რომლის თქმითაც, ფონდების ბოროტად გამოყენებაში ეჭვმიტანილები მხოლოდ არსამთავრობო ორგანიზაციები არ არიან.

„ყველა, ვინც მიიღო ფული, მზად უნდა იყოს გამოძიებისთვის და ანგარიშვალდებულებისთვის“, – განაცხადა მან.

თავის მხრივ, „მწვანეთა პარტიის“ დეპუტატი ნანა ნოიმანი აღნიშავს, რომ „ეს არის კორუფციული სკანდალი და არა არასამთავრობოების სკანდალი“. მემარცხენე მანონ ობრი კი ამბობს, რომ „ევროპის სახალხო პარტია“ არასამთავრობო ორგანიზაციების საკითხს ყურადღების გადასატანად იყენებს.