არასამთავრობო ორგანიზაციები აფრიკელ სტუდენტებზე თავდასხმის გამოძიების შესახებ განცხადებას ავრცელებენ
სამოქალაქო პლატფორმაში „არა-ფობიას!“ შემავალი ორგანიზაციები აფრიკელ სტუდენტებზე თავდასხმის გამოძიების შესახებ განცხადებას ავრცელებენ.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, ჩნდება კითხვები იმასთან დაკავშირებით, რამდენად მიუკერძოებლად მიმდინარეობს გამოძიება, სამართალდამცავი ორგანოები რამდენად ისახავენ მიზნად საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას, ხომ არა აქვს ადგილი იმის მცდელობას, რომ მოხდეს სამართლებრივი საკითხების არაფორმალური მოწესრიგება და დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირების პასუხისმგებლობისაგან არიდება.
„გამოძიების მიმდინარეობის პარალელურად, გამოვლინდა სტუდენტებზე სავარაუდო ზეწოლის მცდელობა. სამართალდამცავები და ბელიაშვილის ქუჩაზე მცხოვრები ინციდენტში მონაწილე საქართველოს მოქალაქეები, სავარაუდოდ, ცდილობენ გავლენა მოახდინონ სტუდენტების ნაწილზე, რომ მათ უარი განაცხადონ უკვე მიცემული ჩვენებების სისწორეზე და შეცვალონ მათი შინაარსი, რათა გამოძიება შეწყდეს, სავარაუდოდ, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არარსებობის არგუმენტით“,- აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადების თანახნად, არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ გამოძიება არაობიექტურად მიმდინარეობს.
„გარდა ამისა, უკიდურესად საგანგაშოა თავად შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების სავარაუდო მცდელობა დანაშაულის შესაძლო მიჩქმალვისა და გამოძიების შეწყვეტის მიზნით. აღნიშნული კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სახელმწიფო სათანადოდ არ რეაგირებს დისკრიმინაციულ ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულებზე და ვერ უზრუნველყოფს ეფექტიან გამოძიებას.
მოვუწოდებთ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები 8 აპრილის ინციდენტთან დაკავშირებით და სათანადოდ დასაჯოს დამნაშავე პირები. ამ კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დანაშაულის რასისტული მოტივის იდენტიფიცირება;
გენერალურმა ინსპექციამ დაუყოვნებლივ დაიწყოს სამინისტროს თანამშრომელთა შესაძლო გადაცდომების მოკვლევა.საზოგადოების ინტერესის გათვალისწინებით, გაასაჯაროოს გამოძიების მიმდინარეობა და შედეგები.
საქართველოს პროკურატურას, შეისწავლოს და რეაგირება მოახდინოს პოლიციის თანამშრომლების მიერ განხორციელებულ შესაძლო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ან/და ბოროტად გამოყენების ფაქტებზე.
გამოძიების მიმდინარეობისას გადაცდომების დადასტურების შემთხვევაში, გადასცეს საქმის გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა სტრუქტურულ დანაყოფს“,- აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ: ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD), მედიის განვითარების ფონდი (MDF), კავშირი “საფარი”, საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), კონსტიტუციის 42-ე მუხლი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA),ღია საზოგადოების ფონდი (OSGF).