ირაკლი კობახიძე - საქართველოში პოლიტიკური გაერთიანება არასამთავრობო სექტორი ჩამოყალიბდა, 13 კაცი და ქალი
ირაკლი კობახიძე - საქართველოში პოლიტიკური გაერთიანება არასამთავრობო სექტორი ჩამოყალიბდა, 13 კაცი და ქალი

საქართველოში პოლიტიკური გაერთიანება არასამთავრობო სექტორი ჩამოყალიბდა, 13 კაცი და ქალი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ არასამთავრობო ორგანიზაციების გუშინდელი განცხადების შეფასებისას აღნიშნა. მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება აბსოლუტურად არასერიოზულია.

„საქართველოში ეს არის 13 კაცი და ქალი, რომელსაც აქვს თავისი პოლიტიკური მიკერძოებული შეხედულებები. ხელმძღვანელებზე მაქვს ამ შემთხვევაში საუბარი. საქართველოში ჩამოყალიბებულია მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება არასამთავრობო სექტორი, ცალკეა პოლიტიკური გაერთიანება, რომელმაც, არჩევნებში რომ მიიღოს მონაწილეობა, ერთ პროცენტსაც ვერ აიღებს, ამაში ყველა დამერწმუნება.

რაც შეეხება სამოქალაქო საზოგადოებას, სამოქალაქო საზოგადოება არის ცალკე და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება სამოქალაქო სექტორი – ცალკე. ეს არის დღევანდელი ვითარება. არ მინდა სიღრმეში შესვლა – შეფასებას მყარად ვამბობ, მაგრამ სიღრმეში შესვლა არ მინდა სხვადასხვა მიზეზის გამო.

13 არასამთავრობო ორგანიზაცია რა არის – ჩამოთვალეთ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელი როგორ შეიქმნა, საიდან გამოჰყავდათ კადრები, საიდან შეჰყავდათ, გახსოვთ? სამართალდამცავი ორგანოებიდან პირდაპირ NGO-ში რომ ხვდებოდნენ ვიღაცები – არ მინდა ამ წიაღსვლებში შესვლა. საზოგადოებამ ყველაფერი იცის“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, არსებობს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება სამოქალაქო სექტორი, რომელსაც უწოდებენ ხოლმე სამოქალაქო სექტორს და კობახიძის შეფასებით, ამას კავშირი არ აქვს სამოქალაქო საზოგადოებასთან.

„ჩვენ მივეცით რეალურად სამოქალაქო საზოგადოებას განვითარების შესაძლებლობა, თუმცა სამწუხაროდ, ჯერ კიდევ რჩება ჩაკეტილი წრე, ამას თავისი ობიექტური და სუბიექტური მიზეზები აქვს. მაგრამ რეალობაა მთავარი.

გეტყვით, რა ვითარება გვაქვს სასამართლოში. იგივე არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ რას – ხშირად გაუკეთებიათ ასეთი განცხადება, რომ სასამართლოში თურმე 2012 წლამდე იყო უკეთესი ვითარება, ვიდრე არის დღეს. ეს არის უტიფრობა ელემენტარულად. ისინი ადეიშვილის სასამართლოს, როდესაც პირდაპირ იუსტიციის ქვეშ მოქმედებდა სასამართლო სისტემა, ადარებენ დღევანდელ სასამართლო სისტემას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება გუშინ გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნეს, რომ ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებული მოვლენები ქვეყნის მმართველობის სისტემაში არსებულ დემოკრატიის მძიმე კრიზისზე, ელიტური კორუფციის ცხად ნიშნებზე და არაფორმალურ კლანურ მმართველობაზე მიუთითებს.