არამიწიერი სიცოცხლის ნიშანი შესაძლოა, ეგზოპლანეტათა ატმოსფეროს სეზონური ცვლილება იყოს
არამიწიერი სიცოცხლის ნიშანი შესაძლოა, ეგზოპლანეტათა ატმოსფეროს სეზონური ცვლილება იყოს

სეზონური ცვლილებები ეგზოპლანეტათა ატმოსფეროში შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლის ნიშანი იყოს. ამის შესახებ ახალი კვლევა იუწყება.

არამიწიერ სიცოცხლეზე ნადირობის შესაძლებლობათა გაუმჯობესების მიზნით, მკვლევრებმა შექმნეს ძებნის ახალი პროტოკოლი, რომელსაც შემდეგი თაობის ტელესკოპები გამოიყენებენ.

კვლევაში, რომელიც The Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნდა, რივერსაიდის კალიფორნიის უნივერსიტეტის (UCR) მკვლევართა ჯგუფმა ეგზოპლანეტათა შესწავლის ინოვაციური მეთოდი გამოიყენა.


სეზონიდან სეზონამდე, დედამიწის ატმოსფეროს ცვლილების საფუძველზე, მათ შექმნეს ქიმიურ ნიშანთა მოდელი, რომელიც შესაძლოა, აქ არსებულ სიცოცხლეზე მიუთითებდეს.

სამყაროში სიცოცხლის ძებნა წარმოუდგენლად რთულია. ამ დრომდე ვერ ვიპოვეთ არამიწიერი სიცოცხლის არსებობის ვერანაირი კვალი. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენგან ძალიან შორსაა და ვერასოდეს ვესტუმრებით იმ ეგზოპლანეტებს, რომლებზეც ეჭვი გვაქვს, რომ შეიძლება სიცოცხლე იყოს, მეცნიერები მათ ატმოსფეროებს სწავლობენ. მკვლევრებს იმედი აქვთ, რომ სწორედ ატმოსფეროში შენიშნავენ პლანეტაზე არსებული სიცოცხლის ნიშნებს.

ამ ნიშნებს ბიოხელწერას უწოდებენ და მათზე დაკვირვება შესაძლებელი გახდება შემდეგი თაობის სპეციალიზებული ტელესკოპებით, როგორიცაა მაგალითად, ჯეიმს ვები, რომელსაც NASA 2020 წელს გაუშვებს. ამ ტელესკოპის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ ეგზოპლანეტათა ატმოსფეროების შემადგენლობის შესწავლა იქნება.


სამწუხაროდ, ატმოსფერული აირების მხოლოდ ერთი მიმართულებით კვლევამ შესაძლოა, შეცდომამდე მიგვიყვანოს. ტიპური ბიოხელწერები, მაგალითად, ჟანგბადისა და მეთანის არსებობა შესაძლებელია სიცოცხლის გარეშეც.

კვლევის ავტორის, სტეფანი ოლსონის განცხადებით, არა მხოლოდ ბიოხელწერებზე, არამედ მათ სეზონურ ცვლილებებზე დაკვირვებით, შესაძლებელია გაცილებით მეტი ინფორმაციის მიღება სიცოცხლის პოტენციალის შესახებ.

ოლსონმა და მისმა ჯგუფმა ამ უნიკალური მიმართულებით იმუშავა. შედეგად, ნათელი გახდა, როგორ შეუძლია სეზონებსა და ვარსკვლავის შუქს გავლენის მოხდენა ატმოსფეროს შემადგენლობაზე. ასეთ სეზონურ ცვლილებებზე დედამიწის ატმოსფეროში გავლენას ახდენს სიცოცხლე. მაგალითად, ზაფხულობით გაცილებით მეტი მცენარე იზრდება და შედეგად, კონკრეტული რეგიონის თავზე ნახშირორჟანგის შემცველობა კლებულობს, ჟანგბადის კი იზრდება.


მკვლევართა განცხადებით, ატმოსფერული სეზონურობა იმედისმომცემი ბიოხელწერაა, რადგან ის ბილოგიურად მოდულირებულია დედამიწაზე და სავარაუდოდ, ასე უნდა ხდებოდეს სხვა ცოცხალ პლანეტებზეც.

ოლსონის თქმით, სეზონურობაზე დაყრდნობით სიცოცხლის არსებობის გამოვლენა არ მოითხოვს უცხო პლანეტის ბიოქიმიის დეტალურ გარკვევას, რადგან ის უკვე წარმოადგენს ბიოლოგიურ პასუხს გარემოში მიმდინარე სეზონურ ცვლილებებზე.

მიუხედავად იმისა, რომ ეს მოდელი მთლიანად დედამიწაზეა მორგებული, მეცნიერები დარწმუნებული არიან, რომ მისი გამოყენება ეგზოპლანეტებზეც მართებული უნდა იყოს. ყველაფერს კი საბოლოოდ შემდეგი თაობის ის ტელესკოპები გაარკვევს, რომელთა მშენებლობაც ამჟამად მიმდინარეობს.

მომზადებულია space.com-ის მიხედვით