არამიწიერი სიცოცხლე შეიძლება, საოცრად ბევრ ეგზოპლანეტაზე არსებობდეს — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
სხვა ვარსკვლავებს თავისუფლად შეიძლება ჰქონდეს დედამიწის მსგავსი შვიდი პლანეტა, თუკი მის გარშემო არ იქნება იუპიტერის მსგავსი გაზის გიგანტი. ამ დასკვნამდე მივიდა ახალი კვლევისას კალიფორნიის უნივერსიტეტის ასტრობიოლოგი სტივენ კეინი.
ღრმა კოსმოსში სიცოცხლის ძებნა ძირითადად ფოსკუსირებულია ე. წ. სასიცოცხლო ზონაზე, ანუ ვარსკვლავის გარშემო ისეთ ზონაზე, რომელში მოძრავ პლანეტაზეც შესაძლებელია შენარჩუნდეს თხევადი წყალი. მოგეხსენებათ, წყალი სიცოცხლის ჩვენთვის ცნობილი ფორმისათვის აუცილებელი მოთხოვნაა.
კეინი ახლომდებარე ვარსკვლავ Trappist-1-ის სისტემას სწავლობდა; ცნობილია, რომ მის გარშემო სასიცოცხლო ზონაში მოძრაობს დედამიწის მსგავსი სამი პლანეტა.
„მაინტერესებდა, მაქსიმუმ რამდენი სასიცოცხლო პლანეტა შეიძლება ჰქონდეს სხვა ვარსკვლავს და რატომ აქვს ჩვენს პლანეტას ასეთი მხოლოდ ერთი. ეს ხომ უსამართლობაა!“, — ამბობს კეინი.
მისმა ჯგუფმა შექმნა სამოდელო სისტემა, რომელშიც მათ მოახდინეს ვარსკვლავების გარშემო მოძრავი სხვადასხვა ზომის პლანეტების სიმულირება. ალგორითმმა მხედველობაში მიიღო გრავიტაციული ძალები და მკვლევრებს დაეხმარა შეემოწმებინათ, როგორ ურთიერთქმედებენ პლანეტები ერთმანეთთან მილიონობით წლის განმავლობაში.
როგორც გაირკვა, სავსებით შესაძლებელია, რომ ზოგიერთ ვარსკვლავთან შვიდი ასეთი პლანეტაც იყოს, მზის მსგავს ვარსკვლავს კი პოტენციურად შეიძლება ჰქონდეს ექვსი პლანეტა ზედაპირზე თხევადი წყლით.
„შვიდზე მეტიც. პლანეტები იმდენად ახლო-ახლოს იქნებიან, რომ მოახდენენ ერთმანეთის ორბიტების დესტაბილიზაციას“, — ამბობს კეინი.
საინტერესოა, მაშ რატომ არის მზის სისტემაში სიცოცხლისათვის ხელსაყრელი მხოლოდ ერთი პლანეტა, თუკი მზეს ექვსი ასეთი პლანეტის „ყოლა“ შეუძლია? თანაც, თუ პლანეტების მოძრაობა წრიული იქნება და არა ოვალური ან არარეგულარული, მინიმუმამდე შემცირდება ნებისმიერი ახლო კონტაქტი და შენარჩუნდება სტაბილური ორბიტები.
კეინი ეჭვობს, რომ მზის სისტემაში სიცოცხლისუნარიანობა იუპიტერმა შეზღუდა; პლანეტამ, რომელსაც სისტემის ყველა პლანეტის ერთად აღებულ მასაზე 2,5-ჯერ მეტი მასა აქვს.
„მას ძალიან დიდი ეფექტი აქვს მზის სისტემაში სიცოცხლისუნარიანობაზე, რადგან ის მასიურია და ხელს უშლის სხვა პლანეტების ორბიტებს“, — ამბობს კეინი.
ამ დროისათვის, ჩვენთვის ცნობილია მხოლოდ რამდენიმე ისეთი ვარსკვლავი, რომლებსაც სასიცოცხლო ზონაში მრავალი პლანეტა აქვთ. სამომავლოდ, კეინი აპირებს, მოძებნოს სხვა ვარსკვლავები, რომელთა გარშემოც მთლიანად პატარა პლანეტებია. ეს ვარსკვლავები პირდაპირი სამიზნე იქნება ნასას პირდაპირი ფოტოგადაღების ტელესკოპებისთვის.
კეინმა კვლევის დროს გამოავლინა ერთ-ერთი ასეთი ვარსკვლავი, სახელად მეძებარი ძაღლების ბეტა, რომელიც ჩვენთან შედარებით ახლოს არის, 27 სინათლის წლის მანძილზე. იმის გამო, რომ მას არ აქვს იუპიტერის მსგავსი პლანეტა, შევა იმ ვარსკვლავთა სიაში, რომელთა გარშემოც სიცოცხლისათვის ხელსაყრელ ერთზე მეტ პლანეტას მოძებნიან.
დამატებითი კვლევების საფუძველზე ასევე შეიქმნება ახალი მოდელები, რომლებიც შეამოწმებენ სხვა ვარსკვლავთა სასიცოცხლო ზონის პლანეტათა ატმოსფეროების ქიმიურ შემადგენლობას.
ამ სახის პროექტები კოსმოსში ღრმა სიცოცხლის ძებნის ახალ პერსპექტივებს გვთავაზობს. ამას გარდა, ასეთი კვლევებით მეცნიერები იღებენ ინფორმაციას იმ ძალების შესახებაც, რომლებმაც შეიძლება, ერთ მშვენიერ დღეს ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლე შეცვალონ.
„მართალია, ცნობილია, რომ დედამიწა საკუთარი ისტორიის უმეტეს ნაწილში სიცოცხლისათვის ხელსაყრელი იყო, რჩება მრავალი კითხვა დროთა განმავლობაში ამ ხელსაყრელი გარემო პირობების ჩამოყალიბებისა და ამ ცვლილებათა სპეციფიკურ წარმმართველთა შესახებ“, — ამბობს კვლევის ავტორი, კალიფორნიის უნივერსიტეტის ასტრობიოლოგი სტივენ კეინი.
მისივე განცხადებით, იმ ეგზოპლანეტათა მახასიათებლების შესწავლით, რომელთა ევოლუციური გზაც შეიძლება დედამიწის მსგავსი იყო, ჩვენი მშობლიური პლანეტის წარსულსა და მომავალში გავიხედებით და იმასაც გავიგებთ, რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მას სიცოცხლისათვის ხელსაყრელობა შევუნარჩუნოთ.
კვლევა Astronomical Journal-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია phys.org-ის მიხედვით.