არამეგობრული ქმედებებისგან რუსეთის დასაცავად, ვლადიმერ პუტინმა კონტრსანქციების შესახებ კანონს ხელი მოაწერა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კონტრსანქციების შესახებ კანონს ხელი მოაწერა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. შესაბამისი დოკუმენტი უკვე გამოქვეყნდა სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზე.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ კანონის მიზანს წარმოადგენს აშშ-ისა და სხვა უცხო სახელმწიფოების არამეგობრული ქმედებებისგან რუსეთის დაცვა. კანონი ოფიციალური გამოქვეყნებისთანავე შევა ძალაში.
კონტრსანქციების შესახებ კანონი რუსეთის სახელმწიფო დუმამ 22 მაისს დაამტკიცა, ფედერაციის საბჭომ კი – 30 მაისს.
კანონის ინიციატორები სახელმწიფო დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი და მისი ფრაქციის ხელმძღვანელები არიან.
აღნიშნული კანონი რუსთის მთავრობას უფლებას აძლევს, სხვადასხვა ქვეყნებს, ასევე ორგანიზაციებს, თანამდებობის პირებსა და მოქალაქეებს საპასუხო ზომები დაუწესოს. ამავე დროს, საპასუხო სანქციები არ უნდა გავრცელდეს სასიცოცხლო მნიშვნელობის საქონელზე, რომლის ანალოგი რუსეთსა და სხვა ქვეყნებში არ იწარმოება.