არ მიიღოთ იბუპროფენი COVID-19-ის სიმპტომებისას — ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალური რეკომენდაცია
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ოფიციალურ რეკომენდაციას იძლევა, რომ ადამიანებმა, რომლებსაც COVID-19-ის სიმპტომები აღენიშნებათ, არ მიიღონ იბუპროფენი. რამდენიმე დღის წინ, მოსახლეობას იგივე ურჩია საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრომ, რომელიც შიშობდა, რომ ანთების საწინააღმდეგო ამ საშუალებამ შეიძლება, ვირუსის ეფექტები გააუარესოს.
საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის, ოლივერ ვერანის გაფრთხილება ეფუძნებოდა სამედიცინო ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნებულ უახლეს კვლევას, რომლის მიხედვითაც, ფერმენტები, რომლებსაც აძლიერებს ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, მათ შორის იბუპროფენი, შეიძლება პირიქით, ხელს უწყობდეს COVID-19-ის ინფექციას.
ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრესსპიკერმა კრისტიან ლინდმაიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ საკითხზე დამატებითი რეკომენდაციების შემუშავებაზე ორგანიზაციის ექსპერტები ამჟამად მუშაობენ.
„თუმცა, გირჩევთ, მანამდე გამოიყენოთ პარაცეტამოლი და არა იბუპროფენი. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია“, — აღნიშნა ლინდმაიერმა.
მისივე თქმით, თუკი ექიმები იბუპროფენს მაინც დაუნიშნავენ პაციენტებს, ეს მათზეა დამოკიდებული.
ლინდმაიერის კომენტარამდე, საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა ოლივერ ვერანმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ იბუპროფენისა და ანთების საწინააღმდეგო სხვა მსგავსი საშუალებების გამოყენება შეიძლება „დამამძიმებელი ფაქტორი“ იყოს COVID-19-ის ინფექციის დროს.
„სიცხის შემთხვევაში, დალიეთ პარაცეტამოლი“, — წერს ვერანი.
საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი ამბობს იმასაც, რომ პაციენტებმა, რომლებმაც ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები უკვე მიიღეს, დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ ექიმს.
გარდა ამისა, პარაცეტამოლის მიღება უნდა მოხდეს მკაცრად რეკომენდებული დოზით, რადგან გადაჭარბებით მიღებამ შეიძლება, ღვიძლის დაზიანება გამოიწვიოს.
აღსანიშნავია, რომ იბუპროფენის გამოყენების შესახებ საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრო შეშფოთებას ჯერ კიდევ პანდემიის დაწყებამდე გამოთქვამდა, რადგან ეს პრეპარატი, რომელიც სხვადასხვა ბრენდული სახელით გამოდის (ნუროფენი, ადვილი და ა. შ.) იწვევს „სერიოზულ ინფექციურ გართულებებს“.
ნუროფენის (იბუპროფენი) მწარმოებელი ბრიტანული კომპანია Reckitt Benckiser-ის წარმომადგენელი განცხადებაში აღნიშნავს, რომ სიტუაციის შესახებ მათ ინფორმაცია უკვე აქვთ და ამჟამად აქტიურ კვლევებს აწარმოებენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან, ევროპის წამლების სააგენტოსთან და სხვა უწყებებთან ერთად.
მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.