„არ მესმის, რაზე ვსაუბრობთ, რუსეთის ჯარები გადმოვლენ და ჩვენთან მორფინის მარაგებს საავადმყოფოდან გაიტაცებენ?“ - აკაკი ზოიძე მარიამ ჯაშს პასუხობს
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე განმარტავს, რომ კანაფის წარმოებიდან შემოსული თანხები ნარკომოხმარების პრევენციაზე, რეაბილიტაციასა და მკურნალობაზე იქნება მიმართული.
როგორც ჟურნალისტებს ზოიძემ განუცხადა, საქართველოს ბოლო 50 წლის გამოცდილებამ აჩვენა, რომ რეპრესიული მეთოდებითა და ჩამოხრჩობით ნარკოტიკებთან ბრძოლა არაეფექტურია.
„50 წელი საკმარისია იმისთვის, რომ დასკვნები გამოიტანო და მიდგომები შეცვალო. იმ ილუზიამ კრახი განიცადა, რომ გაერო-ს გადაწყვეტილებით, ნარკოტიკებისგან თავისუფალი მსოფლიო გვექნებოდა. საუბარია, რომ რეპრესიულ მეთოდებს ის მოტივაცია უნდა შეუხამო, რაც ადამიანის ბუნებას გაითვალისწინებს და შეძლებს, რომ განათლებით, რეალური ბედნიერებით და არა ილუზორულით, პრობლემის გადაჭრა შეძლო. ზოგიერთი საუბრობს, რომ მარიხუანა უსაფრთხოა, მოვწიოთ, რა მოხდა და ბავშვებს აკვნიდან მივცეთ საწოვარას სახითო. ეს მიდგომა მიუღებელია, რადგან ქვეყანაში კანაფმა და მარიხუანამ უდიდესი ზიანი მოიტანა, მაგრამ შეგვიძლია, ზიანი სარგებლად გადავაქციოთ. საკმარისი მტკიცებულება არსებობს, რომ კანაფისგან ადამიანისთვის სარგებლის მომტანი მედიკამენტების წარმოება შესაძლებელია და ამ მედიკამენტების გაყიდვით მიღებული შემოსავლის გამოყენება სწორედ ამ ზიანის თავიდან აცილებასა და შემსუბუქებაში შეგვიძლია. ამ ცვლილებების მთელი არსი ეს არის. მედიკამენტებიდან შემოსული ფული პრევენციაში, რეაბილიტაციასა და მკურნალობაში ისე უნდა მივმართოთ, რომ ფული პენსიონერებს, შეზღუდული შესაძლებლობის პირებს თანხები არ მოაკლდეთ“, – განაცხადა ზოიძემ.
დეპუტატი თანაგუნდელის, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის შეფასებებსაც გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ კანაფის საქართველოში წარმოება რისკებს შეიცავს, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით.
„იქიდან რუსეთის ჯარი გადმოვა და იმ ადგილს გაძარცვავს, სადაც წარმოება მიდის? ნარკოტიკების ტრანზიტი და ოკუპირებული ტერიტორიები წარმოებასთან რა შუაშია? რუსეთის ჯარები გადმოვლენ და ჩვენთან მორფინის მარაგებს საავადმყოფოდან გაიტაცებენ? არ მესმის, საუბარი რაზეა“, – აღნიშნა ზოიძემ.
პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში საქართველოში კანაფის პროდუქციის წარმოებისა და ექსპორტზე გატანის წინააღმდეგია. მარიამ ჯაში განმარტავს, რომ მარიხუანას მოხმარებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივას მხარს უჭერს, თუმცა კანაფის წარმოებასა და ექსპორტში გარკვეულ რისკებს ხედავს. ჯაშის თქმით, რისკი შეიძლება იყოს როგორც შიდა ბაზარზე არარეგალური ბრუნვის, ასევე ოკუპაციის რეჟიმში ოკუპირებულ ტერიტორიებზე სიტუაციის კონტროლის.