ლევან გოგიჩაიშვილი არ გამორიცხავს, რომ ვანო მერაბიშვილს სხვა ბრალიც წაუყენონ
უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში ვანო მერაბიშვილს რომელიმე სხვა საქმეზე ახალი ბრალი წარუდგინონ.
როგორც დეპუტატი აცხადებს, ამ თემებზე საგამოძიებო უწყებები ამ დრომდე მუშაობენ.
,,ვანო მერაბიშვილის დილა იწყებოდა ფიქრით, რა გაეფუჭებინა და ღამე მთავრდებოდა სისხლიანი ხელებით. ეს იყო ვანო მერაბიშვილის ყოველი სამუშაო დღე. ამ ადამიანს იმდენი დანაშაული აქვს ამ ქვეყანაში ჩადენილი სხვადასხვა მიმართულებით, რომ არ გამოვრიცხავ, სხვა ბრალიც წაუყენონ“, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა პირველ არხთან საუბრისას.
განცხადება დეპუტატმა ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის ჯოზეფ დოლის „ტვიტერზე“ გამოქვეყნებული პოსტის საპასუხოდ გააკეთა, რომელშიც დოლი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე და ვანო მერაბიშვილის პოლიტიკურ პატიმრობაზე საუბრობს.
უმრავლესობის წევრი გამორიცხავს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მერაბიშვილის გათავისუფლების საფუძველი გახდეს.
„ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმარი არ არის. სტრასბურგის გააწყვეტილება არანაირად ზეგავლენას არ მოახდენს იმ სასჯელის დინებაზე, რომელიც აქვს ვანო მერაბიშვილს შეფარდებული. სტრასბურგის გადაწყვეტილება, სადაც ცალსახად ნათქვამია, რომ მის დაკავება და წინასწარ პატიმრობაში მიცემა იყო აბსოლუტურად კანონიერი და საერთოდ არ მოიცავდა იმ მოტივაციას, რომ ის ჩამოეშორებინათ პოლიტიკური საქმიანობიდან. ეს არის შავით თეთრზე დაწერილი იმ დოკუმენტში, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ მიიღო“, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა პირველ არხთან საუბრისას.
სტრასბურგის სასამართლომ მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა.