აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვის მშობელი - გვითხრეს, რომ მიმდინარე წელს შემოვა მედიკამენტი ქვეყანაში და ხელშეკრულების გაფორმების ბოლო დეტალებზე მიმდინარეობს კომუნიკაცია
აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვის მშობელი - გვითხრეს, რომ მიმდინარე წელს შემოვა მედიკამენტი ქვეყანაში და ხელშეკრულების გაფორმების ბოლო დეტალებზე მიმდინარეობს კომუნიკაცია

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები აცხადებენ, რომ, როგორც მათ მიაწოდეს ინფორმაცია, სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ შემოტანა მიმდინარე წელსვე მოხდება, თუმცა კონკრეტული თარიღი არ სახელდება.

როგორც ერთ-ერთმა მშობელმა, მაკა გოჩიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ახლა კომუნიკაცია მიმდინარეობს მედიკამენტის მწარმოებელ ამერიკულ კომპანია „ბიომარინთან“, რათა მან მიიღოს მეტი ინფორმაცია, რამდენად არის საქართველო მზად ამ მედიკამენტის დასანერგად.

მისივე თქმით, 15-დან 20 ივლისისთვის ეცოდინებათ თარიღი, როდის შემოიტანენ ქვეყანაში აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდს“.

„მეტ-ნაკლებად გვაქვს ხელმოსაჭიდი პასუხები. მაგალითად, 2023 წელს არ გადააჭარბებენ და ნამდვილად ამ წელს შემოვა მედიკამენტი. ეს პასუხი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რათა არ გვქონდეს ეჭვი, რომ 2024 წელზე გადაწევენ და განგებ გააჭიანურებენ პროცესს. ეს ეჭვები დღეს მეტ-ნაკლებად მოგვეხსნა. ჩვენი ერთ-ერთი შეკითხვა სწორედ ის იყო, რომ 2024 წელს თუ უნდა მიიღონ ჩვენმა შვილებმა მედიკამენტი, მაშინ შეიძლება, ზოგიერთისთვის დაგვიანებულიც იყოს. თამარ გაბუნიამ გვითხრა, რომ მედიკამენტის შემოტანა 2024 წლამდე მოესწრება, თუმცა გამიჭირდება პასუხის გაცემა, სექტემბერში შეძლებენ თუ არა მედიკამენტის შემოტანას, რადგან „ბიომარინზე“ ვართ დამოკიდებულიო. გვითხრეს, რომ მათგან მიიღეს თხოვნა, მეტი ინფორმაცია მიაწოდონ, რამდენად არის ქვეყანა მზად, დანერგოს ეს მედიკამენტი. ახლა „ბიომარინისგან“ კონკრეტულ პასუხს ელოდებიან, ხელშეკრულების გაფორმების ბოლო დეტალებზე მიმდინარეობს კომუნიკაცია. 15-დან 20 ივლისისთვის „ბიომარინთან“ კომუნიკაცია დასრულებული უნდა იყოს. 20 ივლისს გვეცოდინება, როდის შემოიტანენ მედიკამენტს“, – განაცხადა მაკა გოჩიაშვილმა.

დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აქონდროპლაზიის მართვის პროტოკოლზე მომუშავე სამუშაო ჯგუფისა და იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, პროტოკოლი დაახლოებით ივლისის შუა რიცხვებში დამტკიცდება. მისივე ინფორმაციით, პროტოკოლში დაავადების მართვის ერთ-ერთ საშუალებად დასახელებულია მედიკამენტი „ვოსორიტიდი“.