ივანე ჩხაიძე - მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გამოყენება ძალიან საპასუხისმგებლოა და სპეციალური მომზადება დასჭირდა, პროცედურა, რომელიც ხვალიდან დაიწყება, მაქსიმალურად უსაფრთხო უნდა იყოს
ივანე ჩხაიძე - მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გამოყენება ძალიან საპასუხისმგებლოა და სპეციალური მომზადება დასჭირდა, პროცედურა, რომელიც ხვალიდან დაიწყება, მაქსიმალურად უსაფრთხო უნდა იყოს

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მედიკამენტ „ვოსორიტიდით“ მკურნალობის დასაწყებად კლინიკა სპეციალურად მოემზადა, რასაც გარკვეული დრო დასჭირდა.

ივანე ჩხაიძის თქმით, სამედიცინო პერსონალის ტრენირების გარდა, სხვადასხვა სახის კვლევა ჩაუტარდათ ბავშვებს, რათა პრეპარატის გამოყენება მაქსიმალურად უსაფრთხო იყოს.

„ძალიან საპასუხისმგებლოა და სპეციალური მომზადება დასჭირდა ამ პროცესს – პერსონალის ტრენირება, თავად ბავშვების მომზადება, მათი სრული გამოკვლევა, რაზეც გარკვეული დრო დაიხარჯა. ყველა ბავშვთან დაგვჭირდა ენდოკრინოლოგის, პედიატრის, ნევროლოგის, ნეიროქირურგის, ტრავმატოლოგის კონსულტაცია, სხვადასხვა ლაბორატორიული და ინსტრმენტული კვლევის ჩატარება. პრეპარატის გამოყენება მაქსიმალურად უსაფრთხო უნდა ყოფილიყო ბავშვებისთვის და პროცედურა, რომელიც ხვალიდან დაიწყება, ასევე მაქსიმალურად უსაფრთხო უნდა იყოს. სწორედ ამიტომ ტარდება საავადმყოფოში ინექცია და ამიტომ გვჭირდება ინექციის გაკეთებიდან ერთსაათიანი მეთვალყურეობა, რათა გვერდითი მოვლენების შემთხვევაში სამედიცინო პერსონალის მხრიდან შესაბამისი ჩარევა დროულად განხორციელდეს. ყველაზე სერიოზული მოვლენა, რასაც მედიკამენტის მწარმოებელი აფიქსირებს, არის წნევის ვარდნა. გარდა ამისა, შესაძლებელია სტანდარტული გვერდითი მოვლენა, რაც თან ახლავს ინექციას – მტკივნეულობა, შეშუპება, სიწითლე ინექციის ადგილზე. ამიტომ ინექციიდან ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება ბავშვების მეთვალყურეობა და ყველა შემდეგი ბავშვის შემთხვევაში სტანდარტული წესი შენარჩუნდება. „ვოსორიტიდი“ არის ახალი პრეპარატი და მისი გამოყენების გამოცდილება მსოფლიოში არავის ჰქონდა, ამიტომ ფრთხილად ვართ. ამისთვის დაგვჭირდა პერსონალის მომზადება, რაც უშუალოდ მწარმოებელმა კომპანიამ განახორციელა. ვფიქრობთ, ხვალინდელი დღე იქნება უსაფრთხო. ნებისმიერი ინექციის, პერაპარატის შემთხვევაში არსებობს ალბათობა ძლიერი ალერგიული რეაქციის, ანაფილაქსიური რეაქციის, რასაც ყოველთვის ვითვალისწინებთ და ასეთი შემთხვევებისთვის ყველა დაწესებულება მზად უნდა იყოს“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ამასთან, ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, რამდენ ხანს გაგრძელდება „ვოსორიტიდით“ მკურნალობის პროცესი, დამოკიდებულია იმ შედეგზე, რასაც ერთწლიანი კურსი აჩვენებს.

„საუბარია, პირველ რიგში, ერთწლიან კურსზე, ვინაიდან მწარმოებელი აფიქსირებს, რომ ერთი წლის განმავლობაში სიმაღლეში ზრდა 1,59 სანტიმეტრზე ნაკლები თუ იქნება, მაშინ ამ პრეპარატის გამოყენების გაგრძელებას აზრი არ აქვს. ეს ერთ-ერთი კრიტერიუმია, რამდენი ხანი უნდა გაგრძელდეს. დასახელებულ ციფრზე მაღალი ზრდა თუ იქნება, რა თქმა უნდა, პრეპარატის გაგრძელება ასაკის მიხედვით იქნება გათვალისწინებული“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ივანე ჩხაიძემ ასევე აღნიშნა, რომ არ არსებობს წინასწარ განსაზღვრული ვადა, რა პერიოდი გაგრძელდება მკურნალობის პროცესი კლინიკაში და როდის შეეძლებათ მშობლებს, მედიკამენტი სახლში წაიღონ და ბავშვებს ინექცია თავად გაუკეთონ.

„ფიქსირებული ვადა არ არსებობს, მაგრამ ერთი თვე იქნება, ორი თუ სამი, გამოჩნდება იმის მიხედვით, რა სიხშირისა და ინტენსივობის არის გვერდით მოვლენები. თუ ვნახეთ, რომ პირველი დღეებისა და კვირების განმავლობაში გვერდითი მოვლენების რაოდენობა მინიმალურია და სამედიცინო ჩარევა არ დაგვჭირდა, მაშინ, შესაძლოა, ვადა შემცირდეს, მაგრამ ამის განსაზღვრას დრო სჭირდება. ალბათ ერთთვიანი დაკვირვების შემდეგ უკვე გვექნება შესაძლებლობა, მთლინად შევაფასოთ, რამდენად უსაფრთხო იყო პრეპარატი და რა სახის გვერდითი მოვლენა განვითარდა ამ ოთხი ბავშვის შემთხვევაში“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტი „ვოსორიტიდი“ საქართველოში შემოვიდა. პირველ ეტაპზე მედიკამენტით მკურნალობას აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ოთხი ბავშვი დაიწყებს. პრეპარატს ეტაპობრივად მიიღებენ დანარჩენი ბავშვებიც.