აქციის დროს დაკავებული ყველა პირი ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლდა, საქმის განხილვა ხვალ განახლდება
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ფილიშვილის გადაწყვეტილებით, 18 ნოემბრის აქციის დროს დაკავებული 36 პირი ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლდა.
მათი საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში 20 ნოემბერს, 13:00 საათიდან განახლდება.
მოსამართლემ ასევე იმსჯელა „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის საკითხზეც, რომელიც ხელწერილით იყო გათავისუფლებული. მისი საქმის განხილვა ხვალ, 17:50 საათზე გაგრძელდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 18 ნოემბერს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სულ 37 დააკავეს.