აქციის დროს დაკავებულ ათ პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ერთს 1000-ლარიანი ჯარიმა, 25 პირის საქმის განხილვა კი გადაიდო
მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილის გადაწყვეტილებით, 18 ნოემბრის აქციისას დაკავებული 25 პირის სასამართლო პროცესი გადაიდო.
ამასთან, საქმეზე დაკავებულ ათ პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. კერძოდ, სასამართლომ ლუკა ჭიჭინაძეს ხუთდღიანი პატიმრობა განუსაზღვრა. ასევე ხუთდღიანი პატიმრობა შეეფარდა გიორგი ბუნტურს. ელგუჯა ბაგრატიონს 12-დღიანი პატიმრობა განესაზღვრა. ბექა ბასილაიას 13-დღიანი პატიმრობა შეეფარდა. ზუკა ბერძენიშვილს კი, შვიდდღიანი პატიმრობა განესაზღვრა. კიდევ ერთი დაკავებული გურამ მჭედლიშვილი 1000 ლარით დაჯარიმდა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ირაკლი ნადირაძეს 13-დღიანი პატიმრობა შეეფარდა, გიორგი მაქარაშვილს 12-დღიანი პატიმრობა განესაზღვრა, დიმიტრი ბიძინაშვილს კი, სამდღიანი პატიმრობა. ირაკლი კაჭარავას ოთხდღიანი პატიმრობა შეეფარდა და ასევე, ოთხდღიანი პატიმრობა განესაზღვრა დავით მჟავანაძეს. 18 ნოემბრის აქციის დროს დაკავებულ პაატა სოსანაშვილს კი მოსამართლემ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.
გადაწყვეტილების გამოცხადებას დაკავებულთა ახლობლები და მხარდამჭერები ხმაურითა და შეძახილებით შეხვდნენ. ხმაურია სასამართლოს ფოიეშიც, სადაც ასევე დაკავებულების მხარდამჭერები არიან შეკრებილები. ისინი მოსამართლის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 18 ნოემბერს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სულ 37 დააკავეს.