„აპოკალიფსის საცავი“ არქტიკაში საფრთხეშია - პირველი არხის ექსკლუზიური ფოტოები
მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ადგილი თუ მოიძებნება, რომელიც კლიმატის ცვლილების შედეგების გამოსწორებაზე ისევე ზრუნავს, როგორც შპიცბერგენზე მდებარე მსოფლიო თესლების საცავი.
გლობალური თესლების ამ კიდობანს ხშირად „აპოკალიფსის საცავსაც“ უწოდებენ. მდებარეობს ნორვეგიაში, შპიცბერგენის არქიპელაგის ერთ-ერთ კუნძულზე; აშენებულია მრავალწლოვანი მზრალობის ნიადაგში. საცავში უსაფრთხოდ ინახება მილიონამდე მცენარის თესლი მთელი მსოფლიოდან, იმ შემთხვევებისთვის, თუ დედამიწას ომი, შიმშილობა, დაავადებები და რაღა თქმა უნდა, კლიმატის ცვლილება დააზიანებს.
საცავში ინახება მრავალი სხვადასხვა მცენარის თესლი საქართველოდანაც. რამდენიმე თვის წინ, ამ საკითხზე სიუჟეტი პირველი არხის გადაცემა „ახალი კვირის“ ჟურნალისტმა ქეთევან ბერაიამ მოამზადა.
კიდობანი განთავსებულია ფრიგიდულ ლანდშაფტში, რომელიც ბუნებრივი გამაგრილებლის როლს ასრულებს მასში დაცული გენეტიკური მასალებისთვის.
თუმცა, კლიმატის ცვლილება ამ რეგიონს უკვე ძლიერ აზიანებს, იწვევს მრავალწლოვანი მზრალობის ნიადაგების დნობას, ზვავებს. ხანდახან ხდება ისიც, რომ წყალი საცავის გვირაბის შესასვლელში გროვდება და შემდეგ იყინება.
ამ ფენომენის შედეგად 2017 წელს წარმოიქმნა ქარბუქი, რამაც ინტერნეტში ნამდვილი პანიკა გამოიწვია. გაჩნდა შიშები, რომ „აპოკალიფსის საცავს“ აპოკალიფსი უკვე დაუდგა.
სიტუაცია გამოსწორდა, საცავი არ დაზიანებულა, მაგრამ აქტუალური გახდა კიდევ უფრო დიდი პრობლემა — კიდობნის სამშობლო ძლიერ ზიანდება კლიმატის გათბობის შედეგად.
ნორვეგიის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, 1971-2017 წლებში შპიცბერგენის არქიპელაგზე ტემპერატურამ 3-5 გრადუსი ცელსიუსით მოიმატა. საშუალო წლიური ტემპერატურა კუნძულებზე -8,7 გრადუსია.
სამსახურის მოხსენების მიხედვით, შპიცბერგენის მყინვარები იმაზე მეტ ყინულს კარგავენ, ვიდრე თოვლის შედეგად აგროვებენ. ცალკე პრობლემაა გარშემორტყმული ზღვის თბობაც, რომელიც იქ ყინულის წარმოქმნას უკვე შეუძლებელს ხდის.
თუმცა, უფრო საგანგაშოა მომავლის პროგნოზები. მეცნიერთა ვარაუდით, 2071-2100 წლისთვის, ადამიანთა საქმიანობის შედეგად ნახშირბადის მაღალი გამოყოფის პირობებში არქიპელაგზე საშუალო ტემპერატურა 10 გრადუსით გაიზრდება, საშუალო მაჩვენებლით გამოყოფის შემთხვევაში კი 7 გრადუსით.
ტემპერატურის ზრდა რეგიონს დრამატულად შეცვლის. უფრო გახშირდება კოკისპირული წვიმები, ზვავები და მეწყერები.
შემცირდება თოვის სეზონიც. მაღალი გამონაბოლქვის სცენარით, გადნება ზედაპირთან არსებული მრავალწლოვანი მზრალობის ნიადაგები.
შპიცბერგენის არქიპელაგი მდებარეობს ჩრდილოეთ პოლუსსა და კონტინენტურ ნორვეგიას შორის. სწორედ იქ მდებარეობს დედამიწის ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე დასახლება ლონგირი.
ეს ქალაქი ერთგვარი კვანძია არქტიკის მკვლევრებისა და მეცნიერთათვის. სწორედ იქ მდებარეობს მსოფლიოს თესლების საცავიც. კლიმატის ცვლილების გამო, ამ ქალაქს უკვე მრავალჯერ დაატყდა თავს სხვადასხვა ანომალია თუ ბუნებრივი კატასტროფა. ნიადაგის ლღობის გამო, იბზარება სახლების კედლები.
2015 წელს ჩამოწოლილი ზვავის შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა ცხრა ადამიანი. მეცნიერები სამომავლოდ ასეთი ზვავების გახშირებას ვარაუდობენ.
კლიმატის ცვლილების მიმართ ზოგადად, მთელი არქტიკა განსაკუთრებით მგრძნობიარეა. რეგიონში პროცესები ხშირად აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი გზით ვითარდება.
მომზადებულია The Washington Post-ის მიხედვით.
ფოტოები – ქეთევან ბერაია