ანზორ ბიწაძე - საარჩევნო სისტემაზე ასეთი ფორმატის მოლაპარაკება რომ შედგა, საერთაშორისო თანამეგობრობის დამსახურებაა
ასეთი ფორმატის მოლაპარაკება რომ შედგა, ეს მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის დამსახურებაა, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ანზორ ბიწაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ტრიბუნა“ განაცხადა.
„ასეთი ფორმატის მოლაპარაკება რომ შედგა, სადაც ჩვენი მეგობარი ქვეყნების ელჩები, ოპოზიციის წარმომადგენლები და მეორე მხრიდან ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან, ეს მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის დამსახურებაა და ძალიან დიდი ბოდიშის მოხდით, ეს „ქართულმა ოცნებამ“ არავითარ შემთხვევაში არ უნდა წარმოადგინოს საკუთარ პოლიტიკურ კეთილ ნებად. ეს იმიტომ მოხდა და ელჩები ოპოზიციის ლიდერებთან და ხელისუფლებასთან ერთად იმიტომ სხედან ხუთი-ექვსი საათის განმავლობაში, რომ ისინი ნათლად ხედავენ, ქვეყანაში ძალიან მძიმე პოლიტიკური კრიზისი იკვეთება, რომელიც შეიძლება, „ქართული ოცნების“ კოლაფსით დამთავრდეს, მაგრამ ასევე, ქვეყანა ძალიან მძიმე ჩიხში შეიყვანოს“, – განაცხადა ბიწაძემ.
მისი თქმით, პოლიტიკური კრიზისები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ კრიზისი ჩიხში მაშინ არ შედის, როცა ხელისუფლება კრიზისს აღიარებს და ოპოზიციასთან მოლაპარაკების მაგიდასთან ჯდება.
„ჩვენ გვაქვს ძალიან, მე ვიტყოდი, ტრაგიკული შემთხვევა „ქართული ოცნებისთვის“ და ეს მიდგომა აუცილებლად დაასრულებს „ქართულ ოცნებას“ საქართველოს პოლიტიკაში. „ქართულმა ოცნებამ“ ვირტუალური რეალობა შეიქმნა. საკუთარი მედია საშუალებების, ექსპერტების, ე.წ. ტროლების და ფეისბუქ აქტივისტების მეშვეობით მათ აბსოლუტურად ვირტუალური რეალობა შექმნეს – აქეთ მხარეს ვართ ჩვენ, ხოლო იქით მხარეს არიან ადამიანები, რომლებიც პიკეტირებას ახდენენ, რაღაცას ამტვრევენ, დესტრუქციულები არიან და ა.შ. არა, ბატონებო! იმ მაგიდაზე, სადაც პოლიტიკური სპექტრი პოლიტიკური მეთოდებით „ქართულ ოცნებას“ ებრძვის, თავმოყრილია უკანასკნელი ოცდაათი წლის მანძილზე ჩვენი ქვეყნის მთელი ნეგატიური და პოზიტიური პოლიტიკური გამოცდილება“, – განაცხადა ბიწაძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად არის ორი პოლიტიკური ძალის, „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მიღმა იმის პოტენციალი ოპოზიციაში, რომ პარტიებმა საზოგადოებას დამოუკიდებელ დღის წესრიგზე ესაუბრონ და ორივე პოლიტიკური ჯგუფის ალტერნატივა შესთავაზონ, ანზორ ბიწაძემ განაცხადა, რომ ამის პოტენციალი არსებობს.