ანზორ ბიწაძე - ხელისუფლების ასარჩევია, დარჩებიან მარტო პარლამენტში, თუ დაიწყება დემოკრატიული პროცესი და ახალ არჩევნებს მივიღებთ
ხელისუფლებამ მესამე შეხვედრაზე უნდა მოიტანოს კონკრეტული სამოქმედო გეგმა, გზამკვლევი, როგორ აპირებს ჩაატაროს არჩევნები, შეცვალოს ცესკო, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები, წინააღმდეგ შემთხვევაში, არავინ დათმობას არ აპირებს, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ წევრმა, ანზორ ბიწაძემ განაცხადა.
როგორც ანზორ ბიწაძემ აღნიშნა, მთლიანად ხელისუფლებაზე არის დამოკიდებული მოლაპარაკებების პროცესი გაგრძელდება.
„ხელისუფლების ასარჩევია, დარჩებიან მარტო პარლამენტში, თუ დაიწყება დემოკრატიული პროცესი და ახალ არჩევნებს მივიღებთ. 21 ნოემბერს იქნება ეს შეხვედრა, თუ 22-ში, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. თეორიული შანსი არ არის, რომ ვინმემ მეორე ტურში მიიღოს მონაწილეობა. ხელისუფლებამ მესამე შეხვედრაზე უნდა მოიტანოს კონკრეტული სამოქმედო გეგმა, გზამკვლევი, როგორ აპირებს, ჩაატაროს არჩევნები, შეცვალოს ცესკო, როგორ გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები, წინააღმდეგ შემთხვევაში, არავინ დათმობას არ აპირებს. ხელისუფლების წარმომადგენლებს დიდი მცდელობა ჰქონდათ, საერთო ნაცნობები და კონტაქტები გამოეძებნათ სხვადასხვა არჩეულ წევრებთან, რომ დაეთანხმებინათ პარლამენტში შესვლაზე, მაგრამ უარი მიიღეს“, – განაცხადა ანზორ ბიწაძემ.
რაც შეეხება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებას, ბიწაძის თქმით, დიპლომატიურ ენაზე გაკეთებული განცხადებაა, რომ კარგი იქნებოდა, თუ ბრძოლა ინსტიტუციების მეშვეობით გაგრძელდებოდა.
ბიწაძის განმარტებით, პარლამენტში შესვლის საკითხი საქართველოს და იმ პოლიტიკური სპექტრის გადასაწყვეტია, რომლის ხელშიც არის ქვეყნის ბედი.
„დაახლოებით, 15 წელია, სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდებებს ვეცნობი და მათ განცხადებებს ვაკვირდებები არა მხოლოდ საქართველოსთან დაკავშირებით. ეს იყო დიპლომატიურ ენაზე გაკეთებული განცხადება, რომ კარგი იქნებოდა, თუ მოხერხდებოდა და ეს ბრძოლა ინსტიტუციების მეშვეობით გაგრძელდებოდა, თუმცა ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ფაქტობრივად, არჩევნები არ ჩატარებულა.
ეს არის საქართველოს და იმ პოლიტიკური სპექტრის გადასაწყვეტი, რომლის ხელშიც არის ქვეყნის ხვალინდელი ბედი. ეს არის ასევე იმ პილიტიკური ოპოზიციური სპექტრის გადასაწყვეტი, რომელიც განკარგავს დღეს, საქართველოში პოლიტიკურ დღის წესრიგს, გადაწყვეტილება მიღებულია და არ გადაიხედება“, – აღნიშნა ანზორ ბიწიაძემ.