ანტონიო ენრიკო ბარტოლი - საარჩევნო სისტემის არჩევა სახელმწიფოზეა დამოკიდებული
საარჩევნო სისტემის არჩევა სახელმწიფოზეა დამოკიდებული, – ამის შესახებ საქართველოში იტალიის ელჩმა, ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ პარლამენტში საარჩევნო საკითხებზე გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციას აქვს ლეგიტიმური მოთხოვნა, პროპორციული სისტემის ამოქმედებაზე დისკუსია დაიწყოს.
„საარჩევნო სისტემის არჩევა სახელმწიფოზეა დამოკიდებული, ეს არის სუვერენული გადაწყვეტილება. მთავრობა ახორციელებს საკონსტიტუციო რეფორმას, გეზი აიღო საპარლამენტო და პროპორციული სისტემისკენ. ერთადერთი საკითხი არის, როდის მოხდება ეს ცვლილება და ვფიქრობ, ოპოზიციას აქვს ლეგიტიმური მოთხოვნა, დაიწყოს ამ საკითხზე დისკუსია. საქართველოს პოლიტიკურ ძალებზეა დამოკიდებული, რომელ სისტემას აირჩევენ და რომელი სისტემა უფრო ერგება სახელმწიფოს“, – განაცხადა ბარტოლიმ.
ოპოზიციური პარტიების წევრები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა საქართველოს პარლამენტში გაიმართა. განხილვის თემა საარჩევნო სისტემა იყო.
ოპოზიციის წარმომადგენლები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას და პროპორციული სისტემის ამოქმედებას ითხოვენ. ოპოზიციამ ამ მიზნით საკონსტიტუციო ცვლილებები მოამზადა და 250 მოქალაქის ხელმოწერა პარლამენტს წარუდგინა. ოპოზიცია ხელისუფლებას მოუწოდებს, ცვლილებები განიხილოს და საარჩევნო სისტემა შეცვალოს.