ანტარქტიდის ყინულოვანმა საფარმა სტაბილურობა შეიძლება სულ მალე დაკარგოს და შეუქცევადი პროცესები გამოიწვიოს — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
ჩვენ წინაშეა იმ სარისკო ვითარების კიდევ ერთი შემახსენებელი, რომელშიც მსოფლიოს კლიმატი და ეკოსისტემები იმყოფება: ახალი კვლევის მიხედვით, გლობალურმა დათბობამ ანტარქტიკის ყინულის საფარი გარდამტეხ წერტილს მიღმა შეიძლება სულ რაღაც 10 წელიწადში მიიყვანოს.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყინულოვანი საფარის დანაკარგების თვალსაზრისით, უკან არდაბრუნების წერტილი იმაზე მალე დადგება, ვიდრე აქამდე გვეგონა; ახლა კი შეიძლება, სწორედ ამ პროცესის შუაგულში ვიმყოფებოდეთ. ამას შეიძლება სერიოზული შედეგები ჰქონდეს გლობალურად ზღვის დონის აწევაზე და იმ ადგილობრივ ჰაბიტატებზე, რომელზედ დამოკიდებული არიან ანტარქტიდის ცხოველები.
ამჟამად მიმდინარე მოვლენათა უკეთ აღსაქმელად, მკვლევრებმა წარსულს მიმართეს, ზღვის ფსკერიდან აღებული ყინულის ნიმუშების საფუძველზე შეისწავლეს კონტინენტის გასული 20 000 წლის ისტორია, ბოლო გამყინვარების ხანის პერიოდამდე.
„ჩვენი კვლევა ცხადყოფს, რომ წარსულის იმ პერიოდებში, როდესაც ყინულის საფარი უკან იხევდა, მასის კარგვის სწრაფი პერიოდები ძლიერ უეცრად დგებოდა, მხოლოდ 10-20 წელიწადში“, — ამბობს ავსტრალიის ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტის პალეოკლიმატოლოგი ზოე თომასი.
მისი განცხადებით, ყინულის უკან დახევის პერიოდები რამდენიმე ასწლეულს გრძელდებოდა, შემდეგ კი კვლავ წყდებოდა და და ამ შეჩერებას სულ რაღაც ორი ათწლეული სჭირდებოდა.
მას შემდეგ, რაც ანტარქტიდას აისბერგები სწყდება, ისინი ზღვაში შედიან და მათგან გამოყოფილი ნარჩენები ზღვის ფსკერზე გროვდება, რაც მკვლევრებს ისტორიის „ჩანაწერებს“ სთავაზობს წყლის ქვეშ დაახლოებით 3,5 კმ სიღრმეზე.
აისბერგთა მოძრაობის ამ ბუნებრივი „დღიურისა“ და ყინულის საფარის ქცევის კომპიუტერულ მოდელთა ერთმანეთთან შეჯერებით, მკლევართა ჯგუფმა ბოლო ათასწლეულებში ყინულის უკან დახევის რვა ფაზა გამოავლინა. თითოეულ შემთხვევაში, ყინულის საფარის დესტაბილიზაცია და ხელახლა სტაბილიზაცია 10-20 წელიწადში ხდებოდა.
მკვლევართა მიერ მიღებული შედეგები აძლიერებს თანამედროვე თანამგზავრულ ფოტოგრაფიას, რომელიც სულ რაღაც 40 წელიწადს ითვლის: აჩვენებს არა მხოლოდ ცვლილებებს შელფურ მყინვარებში, რომლებიც უკვე თავისუფლად დრეიფობენ წყალში, არამედ მიუთითებს ყინულის დაკარგვის სულ უფრო მზარდ ტემპზე ანტარქტიდის ყინულის საფარის წიაღში.
„დავადგინეთ, რომ აისბერგთა მოწყვეტის მოვლენები მრავალწლიან მასშტაბებში ანტარქტიდის სახმელეთო მყინვარული საფარის დნობასთან იყო სინქრონიზებული“, — ამბობს ავსტრალიის ვიქტორიის უნივერსიტეტის გლაციოლოგი ნიკ გოლედჯი.
კვლევამ აჩვენა, რომ რვიდან თითოეულ ფაზაში ხდებოდა ზღვის დონის აწევის ერთნაირი მახასიათებლები, გლობალური ზღვის დონე აწეული რჩებოდა რამდენიმე საუკუნის, ზოგიერთ შემთხვევაში კი ათასწლეულების განმავლობაში. დამატებითმა სტატისტიკურმა ანალიზებმა გამოავლინა თითოეული ამ ცვლილების გარდამტეხი მომენტები.
თუკი ანტარქტიდაზე მიმდინარე ამჟამინდელი ძვრები იგივე გზას გაუყვა, რაც მკვლევართა მიერ წარსულში გამოვლენილ მოვლენებს, შეიძლება უკვე ვიმყოფებოდეთ ახალი გარდამტეხი მომენტის შუაგულში, რასაც ბოლო წლებში უკვე ვხედავთ მსოფლიოს სხვა ნაწილში — არქტიკაში.
„თუკი ასეთი სისტემის სიტუაციის ასე გარდატეხას მხოლოდ ათი წელიწადი სჭირდება, ფრიად შემაშფოთებელია, რადგან თუ ანტარქტიდის ყინულის საფარი მომავალშიც ისე იქცევა, როგორც წარსულში იქცეოდა, ჩვენ სწორედ ახლა უნდა ვიმყოფებოდეთ გარდამტეხ მომენტში“, — ამბობს თომასი.
მკვლევართა განცხადებით, გარდამტეხ წერტილთა შესახებ დამატებითი მტკიცებულების პოვნა შესაძლებელია ამ რეგიონიდან აღებულ და წარსულში შესწავლილ ნიმუშებში; ამას გარდა, უახლესი კვლევა ემთხვევა რეგიონში ყინულის საფარის კარგვის წინა მოდელებსაც.
„ჩვენ მიერ მიღებული შედეგები შესაბამისობაშია სულ უფრო მზარდ მტკიცებულებებთან, რომლებიც მიუთითებს, რომ ბოლო ათწლეულებში ანტარქტიდის მასის დანაკარგების აჩქარება შეიძლება აღნიშნავდეს ყინულის საფარის უკან დახევისა და ამით გამოწვეული ზღვის დონის მატების თვითშენარჩუნებადი და შეუქცევადი პერიოდის დასაწყისს“, — ამბობს გერმანიის ქალაქ ბონის უნივერსიტეტის გეოფიზიკოსი მიხაელ ვებერი.
კვლევა Nature Communications-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია newsroom.unsw.edu.au-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.