ანტარქტიდის ყინულების ქვეშ უზარმაზარი მდინარე აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
მეცნიერებმა ყველა სახის ცვლადი უნდა გაითვალისწინონ, როდესაც საქმე ეხება ანტარქტიდაზე ყინულის დნობას მსოფლიოს დათბობის პირობებში.
მკვლევრებს ახლა უკვე მოუწევთ მხედველობაში მიიღონ უზარმაზარი მდინარე, რომელიც ანტარქტიდის ყინულის ქვეშ დაახლოებით 460 კილომეტრის სიგრძეზე გაედინება. ანუ, ის ბრიტანეთის მდინარე ტემზაზეც გრძელია.
ექსპერტთა განცხადებით, ახლად აღმოჩენილ წყლის ნაკადს და მის განშტოებებს აქვს პოტენციალი, რომ მის ზემოთ არსებულ მყინვართა დნობაზე იმოქმედოს.
აღმოჩენის ავტორებმა გამოიყენეს აერორადარული მონაცემები, რომლებიც ყინულთა მიღმაც „ხედავს“ და წყლის დინების მოდელები. შესწავლილი მოზრდილი ზონა მოიცავს ანტარქტიდის აღმოსავლეთ და დასავლეთ ყინულოვანი საფარის ყინულებს და იქიდან უედელის ზღვაში ჩამდინარე წყალს.
„კვლევის რეგიონში არსებული ყინული საკმარისია ზღვის გლობალური დონის 4,3 მეტრით ასაწევად. რამდენი ყინული დნება და რა სიჩქარით, განაპირობებს, თუ რამდენად მოლიპულია ამ ყინულის საძირკველი. ახლად აღმოჩენილმა სამდინარო სისტემამ შეიძლება ძლიერ იმოქმედოს ამ პროცესზე“, — ამბობს ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის გლაციოლოგი მარტინ საიგერტი.
მეცნიერებმა უკვე დიდი ხანია იციან, რომ ყინულის ფენების ქვეშ წყალი გაედინება. ეს ორნაირად ხდება: გეოთერმული სითბო და ხახუნი ყინულის ფენებს მყინვარის დაბლიდან ათბობს, ღრმა ნაპრალები, სახელად მულინები კი ზედაპირზე ნადნობ წყალს დაბლა, მისი საძირკვლისკენ მიმართავს. ეს უკანასკნელი უფრო მეტად არქტიკასა და გრენლანდიაში ხდება, სადაც ყინულის სისქის ცვალებადობა უფრო მეტად სეზონურია.
ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ანტარქტიდაზე, ყინულის საფარველის საძირკველში საკმარისი დნობა მიმდინარეობს, რათა მდინარეები წარმოიქმნას. მაღალი წნევის მქონე, მტკნარი წყლის ამ არხებს შეუძლია ყინულის დნობის პროცესის დაჩქარება, რადგან მყინვარის საძირკველი არასტაბილური ხდება იმ წერტილში, სადაც ის ზღვას ხვდება.
მიუხედავად იმისა, რომ სულ უფრო იხვეწება ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსებთან ყინულის დნობის მაჩვენებლის გაზომვის მეთოდები, საკმაოდ რთულია თავად დნობის წარმმართველი პროცესები. ახალი აღმოჩენის მსგავსი აღმოჩენები უკეთეს წარმოდგენას გვიქმნის თანმდევ პროცესებზე, რაც უფრო ზუსტ მოდელებს გვთავაზობს ყინულის სამომავლო დნობის შესახებ.
„წინა კვლევები მიმოიხილავდა ურთიერთქმედებას ყინულის ფენების კიდეებსა და ოკეანის წყალს შორის, რათა გარკვეულიყო, როგორ გამოიყურება დნობა. თუმცა, ასობით კილომეტრის სიგრძის მდინარის აღმოჩენა, რომელიც ზოგიერთ პროცესს წარმართავს, გვიჩვენებს, რომ ყინულის დნობის სრულად გაგება შეუძლებელია მთლიანი სისტემის გათვალისწინების გარეშე: ყინულის საფარის, ოკეანის და მტკნარი წყლის“, — ამბობს ნიუკასლის უნივერსიტეტის გლაციოლოგი ნილ როსი.
მკვლევართა განცხადებით, თუ ანტარქტიდაზე დნობის მაჩვენებელი ზრდას გააგრძელებს და ზამთარი ისეთი თბილი იქნება, რომ ზედაპირზე დნობა დაიწყოს და მულინები წარმოიქმნას, ამას შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდეს უკვე არსებულ ფარულ მდინარეებზე და შედეგად, ყინულის საფარი უფრო სეზონური გახდეს, როგორც ეს გრენლანდიის შემთხვევაშია.
ყველა ამ ფაქტორს შეუძლია გამოიწვიოს უკუკავშირის მარყუჟები, სადაც დამატებითი დნობა თავად წარმოქმნის ყინულის დაკარგვის კიდევ უფრო სწრაფ მაჩვენებელს. ამის ერთი გზაა ღრმა წყლების ნაკადები, რაც მშრალ ხმელეთზე ყინულის უფრო სწრაფად გადაადგილებას იწვევს და კიდევ უფრო მეტ ხახუნსა და დნობას წარმოქმნის.
მკვლევართა ჯგუფს ახალ კვლევაში გამოყენებული მეთოდის მოსინჯვა კონტინენტის სხვა ნაწილებზეც სურს.
„დაახლოებით ოცი წლის წინ, როდესაც ანტარქტიდის ყინულებქვეშ პირველად აღმოვაჩინეთ ტბები, ვფიქრობდით, რომ ისინი ერთმანეთისგან იზოლირებული იყო. ახლა ვაცნობიერებთ, რომ იქ მთელი სისტემაა, ერთმანეთთან სამდინარო ქსელით დაკავშირებული, ზუსტად ისე, თითქოს მათ თავზე ათასობით მეტრის სისქის ყინული არც იყოს“, — ამბობს საიგერტი.
კვლევა Nature Geoscience-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია imperial.ac.uk-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.