ანტარქტიდის ყინულებიდან 1950-იანი წლების ბირთვული იარაღის ცდების რადიოაქტიური ქლორი ჟონავს
ანტარქტიდის ყინულებიდან 1950-იანი წლების ბირთვული იარაღის ცდების რადიოაქტიური ქლორი ჟონავს

შეიძლება, სულ არ გვადარდებდეს, მაგრამ ანტარქტიდის ვრცელი მყინვარული საფარი ამ დრომდე გამოყოფს რადიოაქტიურ ქლორს. როგორც ახალი კვლევა ადასტურებს, ამის მიზეზი 1950-იან წლებში მიმდინარე ბირთვული ცდებია.

კარგი ის არის, რომ ამ ფაქტის წყალობით, მეცნიერებმა შეიძლება უფრო მარტივად გაარკვიონ ბევრი რამ დედამიწის ატმოსფეროს მოქმედების შესახებ.

ბირთვული ბომბების აფეთქებისას ისეთ ადგილებში, როგორც ეს აშშ-მა გააკეთა 1950-1960-იან წლებში წყნარ ოკეანეში, ჰაერში გამოყოფილი ერთ-ერთი რადიოაქტიური იზოტოპია ქლორი-36, რადგან ამ დროს, ნეიტრონები ზღვის წყალში არსებულ ქლორთან ურთიერთქმედებს. მას შემდეგ, სხვა ასეთი იზოტოპები ტესტირებამდელ დონეს დაუბრუნდა, მაგრამ როგორც ჩანს, ქლორი-36-ის შემთხვევაში ასე არ მოხდა.

ეს იზოტოპი, ისევე როგორცბერილიუმ-10, ბუნებრივადაც გამოიყოფა და მას მეცნიერები ყინულებიდან აღებული ნიმუშების დათარიღებისთვის იყენებენ. თავის სტანდარტულ მდგომარეობაში, ქლორი-36 მუდმივად ჩაჭედილია ანტარქტიდის თოვლში და შესაბამისად, ატმოსფეროში მისი რაიმე კვალის პოვნა შეუძლებელია.

საფრანგეთის დედამიწის მეცნიერებათა და გარემოს კვლევისა და სწავლების ევროპული ცენტრის მეცნიერის, მელანი ბარონის განცხადებით, გლობალურ ატმოსფეროში მეტი ბირთვული ქლორი-36 აღარ არის. სწორედ ამიტომ არის საჭირო ბუნებრივ ქლორი-36-ზე დაკვირვება ყველგან, სადაც შესაძლებელია.

ანტარქტიდის ორი კონკრეტული ზონის ანალიზისას, რომელთაგან ერთში თოვლის წლიური მაჩვენებელი შედარებით დაბალია, მეორეში კი მაღალი — მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ნაკლებად თოვლიანი ადგილების გარშემო, რუსეთის კვლევით სადგურ „ვოსტოკთან“, ყინულის ზედაპირთან კვლავ შეინიშნება ქლორი-36-ის გარკვეული დონე.

მეცნიერებმა დაადგინეს ისიც, რომ 2008 წელს, ამ ბაზის გარშემო, ყინულში, ბუნებრივი ქლორი-36-ის დონე 10-ჯერ მაღალი იყო. შედეგად გამოყოფილი რადიაცია იმდენად დაბალია, რომ გავლენას ვერ მოახდენს დედამიწის ატმოსფეროზე, მაგრამ აშკარაა, რომ ეს იზოტოპი იმაზე გამძლე და რეციდიულია, ვიდრე ვინმეს ეგონა.

გარდა ამისა, ის იმაზე მეტად მოძრავია, ვიდრე მეცნიერებს მიაჩნდათ, რადგან 1998 წლიდან მოყოლებული, მოძრაობს თოვლის სიღმიდან მაღლა მიმართულებით. ეს კიდევ ერთი აღმოჩენაა, რამაც მკვლევრები გააოცა.

ამ აღმოჩენებმა შეიძლება ახალი ცნობები მოგვაწოდოს იმის შესახებ, თუ როგორ ვითარდებოდა დედამიწის კლიმატი მილიონობით წლის განმავლობაში. ამაში ძირითადად ანტარქტიდის სიღრმეში არსებული ყინულის ასაკი გვეხმარება, ქლორი-36 კი გადამწყვეტია დათარიღების პროცესში.

გარდა ამისა, ამ კვლევის შედეგად კიდევ ერთხელ გახდა ნათელი, თუ რამდენად ხანგრძლივი გავლენა აქვს ბირთვულ იარაღს გარემოზე — ათწლეულები აფეთქების შემდეგ. მკვლევართა ჯგუფი რეგიონში მუშაობას აგრძელებს და ამჯერად ნიმუშებს იღებს 1,5 მილიონი წლის წინანდელი ყინულიდან.

კვლევა Journal of Geophysical Research – Atmospheres-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია agu.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.