ზოგიერთი აისბერგი თეთრია, ზოგიც ცისფერი. თუმცა, არსებობს ზურმუხტისფერი აისბერგებიც.
1900-იანი წლებიდან მოყოლებული, მოგზაურები და მკვლევრები ხანდახან აწყდებოდნენ ანტარქტიდის რუხ ლანდშაფტში მოტივტივე უცნაურ, მწვანე აისბერგებს.
ახალი კვლევის ფარგლებში, გლაციოლოგთა ჯგუფი მივიდა დასკვნამდე, რომ ამ აისბერგთა სიმწვანის მიზეზია მათში არსებული რკინის ოქსიდები, რომლებიც მათ კონტინენტური ანტარქტიდიდან გამოჰყვათ.
თუ ეს მოსაზრება სწორია, გამოდის, რომ ეს უცნაური აისბერგები ერთგვარი გაყინული „ოფიციანტებია“, რომლებიც სასიცოცხლო საკვებით ამარაგებენ ზღვაში არსებული სიცოცხლის თითქმის ყველა სახეს.
კვლევის ავტორის, გლაციოლოგ სტივენ უორენის განცხადებით, ამ აისბერგებს რკინის გადატანა შეუძლიათ ოკეანეში ძალიან შორს, გადნობის შემდეგ კი მათში არსებული რკინა ხვდება ფიტოპლანქტონებთან, რომელიც მას საკვებად იყენებს.
უორენმა ამ ფენომენის შესწავლა 1988 წელს დაიწყო. პირველად ის მათმა ფერმა და სიმკვრივემ გააოცა. ჩვეულებრივი აისბერგებისგან განსხვავებით, რომლებიც დაპრესილი თოვლისაგან შედგება, მწვანე აისბერგებს წიაღში საერთოდ არ გააჩნდა ჰაერის ბუშტუკები. ამან უორენი დაარწმუნა, რომ საქმე სრულიად სხვაგვარ აისბერგებთან ჰქონდა.
1980-იან წლებში აღებული ნიმუშების ანალიზის შემდეგ, უორენი და მისი კოლეგები დარწმუნდნენ, რომ ეს ყინულოვანი სტრუქტურები მყინვარებს სხვა აისბერგთა მსგავსად მოწყვეტილი არ იყო.
შეინიშნებოდა, რომ ისინი წარმოქმნილი იყო ზღვის ყინულისგან, ოკეანის გაყინული წყლისგან, რომელიც ანტარქტიდის მყინვარულ საფარს ქვეშიდან ეწებებოდა.
გამომდინარე აქედან, მკვლევრებმა თავიდან იფიქრეს, რომ მწვანე შეფერილობის მიზეზი დიდი ხნის წინ გახრწნილი წყალმცენარეები და ცხოველები იყო. ეს ორგანული მასალა ყვითელი უნდა იყოს და თუ როგორღაც მან ცისფერ ყინულში შეღწევა შეძლო, არ არის გამორიცხული, მწვანედ გადაიქცეს.
თუმცა, როცა მკვლევრებმა ორგანული ნივთიერებები გაზომეს, მწვანე და ცისფერ ყინულს შორის განსხვავება ცოტა აღმოჩნდა. საქმე სულ სხვა რამესთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული, მაგრამ რასთან?
ეს კითხვა უორენს ათწლეულების განმავლობაში აწვალებდა. პასუხის მისაღებად, რამდენიმე წლის წინ, მან ბოლოსდაბოლოს გადადგა დიდი ნაბიჯი. 2016 წელს, კოპენჰაგენის ოკეანოგრაფთა ჯგუფმა შეამოწმა ანტარქტიდის ეიმერის შელფური მყინვარიდან 1968 წელს აღებული ნიმუშები. ფსკერიდან აღებული ნიმუშში დაფიქსირდა ზღვის ყინული, რომელიც 500-ჯერ მეტ რკინას შეიცავდა, ვიდრე ზედა ნაწილიდან აღებული სინჯები.
რკინის ოქსიდები ყინულს ჟანგისფერ შეფერილობას უნდა აძლევდეს. ეს ოქსიდები გვხვდება კონტინენტური ანტარქტიდის ქანებში. როცა მყინვარები ხმელეთზე მიხოხავს, ისინი ხშირად ხეხავენ ქანებს და წარმოქმნიან წმინდად დაფქვილ მიწას, რომელიც თანდათან ზღვაში ჩადის.
უორენი და მისი კოლეგები ახლა ფიქრობენ, რომ რკინის ოქსიდების ეს მტვერი მყინვარული საფარის ქვეშ ჩაიჭედა და ზღვის ყინულს შეერწყა. მათი აზრით, სწორედ ეს განაპირობებს აისბერგების უცნაურ, მწვანე შეფერილობას. საბოლოო პასუხის მისაღებად, სულ მალე ისინი ანალიზების ჩატარებას გეგმავენ.
რკინა მთავარი საკვებია იმ ცხოველებისთვის, რომლებიც წარმოქმნიან ზღვის საკვების ქსელის საძირკველს, მაგალითად, ფიტოპლანქტონისა და მიკროსკოპული მცენარეებისათვის.
გარდა ამისა, ეს გადამწყვეტი საკვები ნივთიერება ოკეანის მრავალ ადგილას საკმაოდ მწირია. უფრო მეტიც, შესაძლოა, მწვანე აისბერგები მისი ერთადერთი წყარო იყოს.
კვლევა Journal of Geophysical Research: Oceans-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია phys.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.